GE

თბილისის მერი: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციისთვის, დაახლოებით 34 მლნ ლარი დაიხარჯება

თბილისის განვითარების ფონდი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობა მძიმე მდგომარეობაშია და მის რეაბილიტაციას რამდენიმე წელი დასჭირდება. კალაძემ აღნიშნა, რომ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და სამუშაოები განსაკუთრებული სიფრთხილით განხორციელდება.

„სამუშაოების საერთო ღირებულება 33 700 000 ლარს შეადგენს და ის 2023 წლის ივნისამდე გაგრძელდება. სარესტავრაციო სამუშაოები შესრულდება როგორც ფასადზე, ისე ინტერიერში; მოეწყობა ახალი სახურავი; რესტავრირდება პარაპეტები, განხორციელდება სასახლის მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, კონსტრუქციული გამაგრება, საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია, კეთილმოეწყობა ეზოები. სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად რუსთაველის გამზირის მხარეს უსაფრთხოების ნორმებიდან გამოდინარე, მოეწყობა დროებითი სამშენებლო ღობე, რათა საღებავის ფენისგან გაიწმინდოს ბაზალტის ქვის ზედაპირები და პროფილირებული კარნიზები, გადაეწყოს ფასადის კედლის შელესილი სიბრტყეები, პროფილირებული პარაპეტის დაზიანებული ნაწილები, აღდგენს პარაპეტის ქვის დეტალები და ლითონის ბალუსტრადები, ასევე გვიანდელი ხის ნაკეთობები; რეაბილიტირდეს გადახურვის ხის კონსტრუქცია, განახლდეს სახურავის საფარი. სწორედ ამ სამუშაოების გამო, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, აუცილებელია რუსთაველის გამზირის საფეხმავლო მონაკვეთის ზედა ნაწილზე მოეწყოს დროებითი სამშენებლო ღობე“, – განაცხადა კალაძემ.

წყარო: tv იმედი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური