GE

თბილისის რომელი საჯარო სკოლებისთვის იქირავებს სახელმწიფო ტრანსპორტს – ტენდერის ღირებულება მილიონ ლარზე მეტია

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა 1 835 412 ლარიანი  ტენდერი, რომელმაც 2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს.

ცალკე ტენდერია ასევე გამოცხადებული თბილისის საჯარო სკოლების სსსმ და შშმ სტატუსის მქონე მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურებისთვის, რაშიც 569 000 ლარს გადაიხდიან. წინადადებების მიღება 27 აგვისტოს სრულდება.

დედაქალაქში ტრანსპორტირების მომსახურებას სულ 23 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ. მოსწავლეების ნაწილი სკოლებისგან მოშორებულ დასახლებებში ცხოვრობს და ტრანსპორტირების პრობლემები აქვს, ნაწილი კი, სკოლის შენობის ავარიული მდგომარეობის გამო, სხვა სკოლის შენობებშია გადანაწილებული და შესაბამისად ტრანსპორტი ემსახურება.

სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“-ს მიერ 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ჩამონათვალში შემდეგი სკოლები გვხვდება: მე-6,მე-10,69-ე,71-ე, 113-ე, 114-ე, 159-ე, 175-ე, 181-ე, 191-ე,208-ე, 209-ე, 132-ე, 86-ე,156-ე, 214-ე, 122-ე, 128-ე, 210-ე, მე-11, მე-14, 190-ე,102-ე საჯარო სკოლები.

სსსმ და შშმ სტატუსის მქონე მოსწავლეების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა შემდეგ სკოლებში მოხდება: 176-ე,202-ე, მე-200, 198-ე და 203-ე საჯარო სკოლები.

„საჯარო სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის მომსახურება უნდა განხორციელდეს წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით ტექნიკურად გამართული, შესაბამისი მოცულობისა და რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტობუსი, მიკრო ავტობუსი, მსუბუქი ავტომობილი) თითოეული მარშრუტისათვის უნდა შეირჩეს გადასაყვან ბავშვთა რაოდენობისა და ადგილის რელიეფის შესაბამისად. დაცული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი უსაფრთხო გადაადგილების ყველა ნორმა. ტრანსპორტირებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისეთი პირობები, რომელიც გამორიცხავს მოსწავლეთა ჯანმრთელობის ზიანს. ასევე, მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას ავტოსტრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ნიშნით, რომელიც მიუთითებს, რომ ხორციელდება ბავშვების გადაყვანა. ავტოსანტრანსპორტო საშუალებებში დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და პერიოდულად უნდა ხდებოდეს დეზინფიცირება“, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

განაცხადში ასევე აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო მომსახურების განხორციელების პერიოდში სავალდებულოა მოსწავლეთა დაზღვევა, რომლის ასანაზღაურებელი ლიმიტი 1 500 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი რამდენიმე წელია ითვალისწინებს საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის პროგრამას. პარლამენტის მიერ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების თანახმად, პროგრამის დაფინანსებას 4,8 მლნ ლარი დაემატა.

დისტანციური სწავლების გასაგრძელებელ ხარჯებს 6 მილიონი დაემატება – ცვლილებები 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური