GE

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კურსდამთავრებულთა გრანდიოზული გამოსაშვები საღამო გამართა

თბილისის სპორტის სასახლეში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის 2019 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების მასშტაბური საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება დილიდან თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში დაიწყო და ძირითადი ღონისძიებით სპორტის სასახლეში გაგრძელდა. კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მიულოცა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი დღემდე ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს რეგიონში, რაზეც მისი კურსდამთავრებულების რიცხვი და წარმატებები მეტყველებს.

„წარმატება მინდა ვუსურვო პირველ რიგში ყველა კურსდამთავრებულს. პირველი ნაბიჯები დამოუკიდებელ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2700-ზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის წამყვანი უნივერსიტეტი რეგიონში და თსუ-ელი რომ ხარ რაღაცას ნიშნავს. ნიშნავს, რომ მარტო არ ხარ და ხარ დიდი ოჯახის წევრი, ამიტომ წარმატებას ვუსურვებ ყველა სტუდენტს. დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი მაგისტრატურაშიც გააგრძელებს სწავლას და დოქტურანტურაშიც, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა მათთვის“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„ეს მსოფლიო თქვენია!“ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მიმართვა კურსდამთავრებულებს

კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ,  საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, აკადემიური საბჭოს წევრებმა და ფაკულტეტების დეკანებმა  მიულოცეს.

„განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რომ ხარ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მისასალმებელია, რომ თსუ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში საუკეთესო უნივერიტეტების 2% -შია, დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება გზა რეფორმებით და იმ ახალი სტანდარტების დანერგვით, რომელიც ჩვენ ევროპასთან დაგვაახლოებს”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ფაკულტეტების ყველაზე მაღალრეიტინგულ კურსდამთავრებულებს სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები უნივერსიტეტის რექტორმა და დეკანებმა გადასცეს.

“ეს 4 წელი, რაც ჯავახიშვილში გავატარე ჩემთვის ნამდვილად დიდი გამოცდილება და თავგადასავალიც იყო. თავიდან მართლა ვერ ვიფიქრებდი, თუ გამოსაშვებ საღამოზე, როგორც ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტი ასე გამოვიდოდი. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი დავასრულე, გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით.

დიდი პრაქტიკული თუ თეორიული გამოცდილება მივიღე უნივერსიტეტში, გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი, მყავდა არაჩვეულებრივი ლექტორები, რომელთაც არა მარტო ჩემს პროფესიულ ზრდას შეუწყვეს ხელი, არამედ ჩემს პიროვნულ განვითარებასაც. უნივერსიტეტს ვუსურვებ შეინარჩუნოს ის წამყვანი პოზიციები, რაც აქვს ჩვენს რეგიონში, მომავალ სტუდენტებს კი ვურჩევ უყოყმანოდ აირჩიონ ეს უნივერსიტეტი”,  –  გვითხრა ერთ-ერთმა მაღალრეიტიგულმა სტუდენტმა მარიამ მაჭარშვილმა.

ბაკალავრების გამოსაშვები დღის დასკვნითი ღონისძიება კუს ტბაზე გაიმართა. საღამოზე კურსდამთავრებულებისთვის და თსუ სტუდენტებისთვის კონცერტი სტეფანემ და Dj-ებმა Giorgio  Burduli, Frankie Beatnik, Levi Love Disco გამართეს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წელს დაარსდა. უნივერსიტეტის პირველი გამოშვება სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტმა 1922 წელს აღნიშნა.

დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებაა, სადაც ყოველწლიურად 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება; 22 ათასამდე სტუდენტი, მათ შორის 600-მდე უცხოელი სწავლობს და რომელიც 2019 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის. (The U.S.News&World Report).

თსუ-ის 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019-2020 სასწავლო წელს 5300-ზე მეტ პირველკურსელს მიიღებს, მათ შორის 500-ზე მეტი აბიტურიენტი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი