GE

თბილისის ყველა სკოლაში ახალი საკითხავი ლიტერატურა შევა

როგორც ცნობილია, UNESCO-ს გადაწყვეტილებით, საქართველოს დედაქალაქი თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება. თბილისის, როგორც წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი 2021 წლის 23 აპრილს ამოქმედდება და ზუსტად ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დაგეგმილია ასზე მეტი საჯარო აქტივობისა თუ პროექტის განხორციელება. მათ შორის ერთ-ერთი კი უკავშირდება თბილისის სკოლებს.

კერძოდ, თბილისში არსებულ აბსოლუტურად ყველა სკოლაში ახალი საკითხავი ლიტერატურა შევა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, საუბარია, როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ საკითხავ ლიტერატურაზე. აბსოლუტურად ყველა მოსწავლეს თბილისში ექნება შესაძლებლობა, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა ჰქონდეს წიგნებთან.

გარდა ამისა, დაგეგმილია სკოლებში თანამედროვე ქართველი ავტორების სტუმრობა და სპეციალური ღონისძიებების მოწყობა, რომლის ფარგლებშიც ისინი შეხვდებიან მოსწავლეებს და კიდევ უფრო დააინტერესებენ კითხვით.

სკოლებში შეტანილი ლიტერატურა არ ადაპტირდება სახელმძღვანელოებთან და სკოლაში შექმნილი სამკითხველო კუთხით სარგებლობას ყველა მოსწავლე თანაბრად შეძლებს.

თბილისში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას შეძლებენ რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებიც, რომელთა დედაქალაქში ჩამოყვანაც არის დაგეგმილი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად.

როგორც ცნობილია, ჟიურიმ თბილისს მიანიჭა უპირატესობა მაშინ, როცა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის წოდების მოპოვებას 2021 წელს ლონდონი და პარიზიც ცდილობდა. მონაწილეობას სულ 15 ქვეყანა იღებდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური