GE

თბილისში ბავშვთა ტრეფიკინგის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

თბილისში, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, მამაკაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს.

დაკავებული ბავშვებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალებას და წვრილმანი ნივთებით ვაჭრობას აიძულებდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

„ექსპლუატაციის მიზნით, მან გადაიბირა მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული, მასთან მცხოვრები მეუღლის არასრულწლოვანი დისშვილები, რომლებსაც 2 წლის განმავლობაში შრომით ექსპლუატაციას უწევდა. დ.კ. არასრულწლოვნებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით და ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით თბილისის სხვადასხვა ქუჩებში წვრილმანი ნივთების გაყიდვას აიძულებდა. ამასთან, დ.კ.-მ არასრულწლოვნებს სავალდებულოდ დაუწესა მასთან ყოველ დღე 40 ლარის მიტანა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, ძალადობის გამოყენებით ემუქრებოდა და შრომის გაგრძელებას აიძულებდა. არასრულწლოვნების მიერ ნივთების გაყიდვით და მოწყალების გზით შეგროვებულ თანხებს ბრალდებული თავად ისაკუთრებდა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა“-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგამოძიებო უწყება შესაბამის აუდიო ჩანაწერსაც ავრცელებს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური