GE

თბილისში განათლებისა და მეცნიერების ახალი ქალაქის მშენებლობა იწყება – პროექტის ღირებულებას კი ჯერ ახლა ითვლიან

მალე თბილისს განათლებისა და მეცნიერების ახალი ქალაქი შეემატება, რომელიც დიდ დიღომში განთავსდება. პროექტის პრეზენტაცია დღეს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მოწვეულ სტუმრებთან გამართა და თბილისის მერთან, კახი კალაძესთან ერთად  მშენებლობას საფუძველიც ჩაუყარა – კაფსულა ჩადო. მინისტრის თქმით, ქალაქი დღის სინათლეს წლის ბოლომდე იხილავს, თუმცა თანხა, რაც ამ ყველაფრისთვისაა საჭირო, მათ ჯერ არ დაუთვლიათ.

იდეის ავტორი თავად მინისტრი ბატიაშვილია. სამინისტროს ინფორმაციით, მულტიფუნქციური კომპლექსი – „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს  და  განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი გახდება.

უწყების განმარტებით, საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ასევე ტექნო პარკი, რომელშიც „სტარტაპ“ უნარ-ჩვევებს მოსწავლეები ადრეული ასაკიდან განავითარებენ, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი, სამეცნიერო ლაბორატორიები, კომაროვის ახალი სკოლა,  ხელოვნების სკოლა,  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები, საცხოვრებელი კამპუსი და ბაღი.

მიხეილ ბატიაშვილმა, მოვლენას უმნიშვნელოვანესი უწოდა და განაცხადა, რომ ახალი საგანმანათლებლო ქალაქი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, განათლების სისტემის რეფორმის ნაწილია, რომელიც ყველა – სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების საფეხურს მოიცავს.

„განათლების რეფორმის გამოცხადებასთან ერთად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რასაც ხაზი გავუსვით, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის შექმნაა, რომელიც სწორედ მაღალი სტანდარტების განათლების სისტემას მოემსახურება. დღეს საფუძველს ვუყრით განათლებისა და მეცნიერების ახალი ქალაქის მშენებლობას სადაც მართლაც ევროპული სტანდარტების სკოლა განთავსდება, კომაროვის ფილიალი გაიხსნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბავშვებისათვის შეიქმნება სამეცნიერო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული კომპლექსები. ანუ, საგანმანათლებლო ქალაქი ხვალინდელი თაობის მაღალი ხარისხის განათლებისაკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

როგორც გაირკვა, პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება და ამისათვის „საკმაოდ ჩქარი ტემპით მუშაობაა დაგეგმილი“.  რაც შეეხება ინვესტიციას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მინისტრს ჯერ არ აქვს ინფორმაცია თუ რა ოდენობის თანხას მოითხოვს ეს ყველაფერი. როგორც ბატიაშვილი განმარტავს, პროექტის ღირებულებას ჯერ ახლა ითვლიან.

„ინვესტიცია საკმაოდ დიდი იქნება. პროექტის დათვლა მიმდინარეობს. ახლა დაპროექტების ეტაპზეა. მრავალმილიონიანი, ათეულობით მილიონის ინვესტიცია განხორციელდება. ძირითად ინვესტიციას სახელმწიფო განახორციელებს, მაგრამ ასევე მზად ვართ აქტიურად ვიმუშაოთ კერძო სექტორთანაც“, – დასძინა ბატიაშვილმა.

სამინისტროში კი განმარტავენ, რომ პირველ ეტაპზე, ტენდერს პროექტირებაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გამოაცხადებს, რის შემდეგაც ტენდერი, მშენებლობაზე გამოცხადდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური