GE

თელავის უნივერსიტეტში ავტორიზაციასთან დაკავშირებული სტუმრების მოლოდინში „რეპეტიციებს“ გადიან

2018 წელი უნივერსიტეტების წლად გამოცხადდა. უმაღლესი სასწავლებლები ავტორიზაცია–აკრედიტაციის პროცესს ახალი სტანდარტით გადიან, რაც მათში დიდ ვნებათაღელვასაც იწვევს.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიმდინარე წლის 26-დან 28 ივნისის ჩათვლით, ავტორიზაციასთან დაკავშირებულ სტუმრებს მასპინძლობს. როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი, აღნიშნულთან დაკავშირებით „მზადყოფნაშია მასპინძელი“.

„სხვადასხვა ფაკულტეტებიდან, დეკანატების მიერ შერჩეულია ყველა  მაღალქულიანი წარჩინებული სტუდენტი.  გადანაწილებულია მოვალეობები, ვინ როგორ, რა პასუხით და რომელი წიგნით უნდა დახვდეს ბიბლიოთეკაში სტუმრებს. ამასთან დაკავშირებით ე.წ. რეპეტიცია გუშინ სტუდენტებმა  უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებთან გაიარეს“, – გვიყვება ჩვენი წყარო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

EDU.ARIS.GE-მ დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სთხოვა. როგორც უწყებაში განგვიმარტეს, ეს არის გეგმიური საავტორიზაციო პროცესი და თელავის უნივერსიტეტში ჯგუფი 26 ივნისს ნამდვილად მიდის.

გეგმური საავტორიზაციო პროცესი იმ 26 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხორციელდება, რომელთაც მიმდინარე წელს საავტორიზაციო განაცხადები წარმოადგინეს და 2018 წლის ბოლომდე ეწურებათ ავტორიზაციის ვადა.

„საავტორიზაციო ვიზიტები სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. უკვე დასრულდა ვიზიტები პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექსპერტთა დასკვნებზე მუშაობა. შეფასების შედეგებზე გადაწყვეტილების მიმღები საბჭო ძირითადად აგვისტო-სექტემბრის პერიოდში იმსჯელებს. ახალი რეგულაციების თანახმად, შემფასებელთა დასკვნები იქნება საჯარო და გამოქვეყნდება განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე“, – განმარტავენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

როგორც ცნობილია, შეფასების პროცესს სპეციალურად მოწვეული მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტები ხელმძღვანელობენ.

სამედიცინო სასწავლებლები და ხარისხის ცენტრი (საერთაშორისო) აღიარების მოლოდინში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური