GE

„თითოეული მონაწილე მზადაა, თავისი ნაბიჯებით პროფესიის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018

„სიტყვებს ვერ ვპოულობ… ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელია ჩემ გვერდით, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა  და ძალიან დიდ ემოციებში ვარ“, – ეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2018 წლის გამარჯვებული მასწავლებლის, მანანა კაპეტივაძის სიტყვებია, რომელიც მან ემოციებით სავსე საზეიმო დაჯილდოების შემდეგ გვითხრა.

ზეიმი, ხმაური და ოვაციები იყო  ბაღდათშიც,როდესაც 2018 წლის  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი დედაქალაქიდან შინ დაბრუნდა. მას კოლეგები, მოსწავლეები და ადგილობრივი მაცხოვრებლები დახვდნენ.

„არ მეგულება გონიერი ბაღდათელი, რომელიც ჩვენს სიხარულს არ გაიზიარებს. ეს არის საყოველთაო აღიარება და წარმატება. წარმატება, რომელიც ყველას გვაერთიანებს და გვაბედნიერებს“

„ზოგადად ძალიან ვხარობ ადამიანის წარმატებით ,აქედან განსაკუთრებით ყველა ქართველს ვგულშემატკივრობ, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად ამაყი და ბედნიერი ვარ“

„სიტყვებით ვერ გადმოვცემ ემოციას, ეს არის ბედნიერების ზენიტი“, – ეს კი მანანა კაპეტივაძის გულშემატკივართა ემოციები გახლავთ.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონია, თბილისში, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, 5 ოქტომბერს შედგა. მთავარი პრიზის მფლობელის დასახელებამდე საზოგადოების წინაშე წარდგნენ, ვიცე–პრემიერი, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ღონისძიების სპონსორები, სტუმრები და ორგანიზატორები, მათ კონკურსის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. საკუთარი ფავორიტებიც დაასახელეს და პრიზები გადასცეს.

კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ თავმჯდომარე, რომელიც თავად არის ჯილდოს საქართველოში დაარსების იდეის ავტორი, ამბობს, რომ ეროვნული ჯილდოს მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და მსგავსი ღონისძიებებით, მასწავლებლის პროფესია ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება. ირინა ხანთაძის განცხადებით, გაზრდილია იმ ორგანიზაციების რიცხვიც, ვინც პროექტით ინტერესდება.

„მეორე წელია, რაც ამ დღეს მასწავლებლებს ეროვნულ ჯილდოს გადაცემას საზეიმო ცერემონიით აღვნიშნავთ. ჩვენ გვინდა, რომ მასწავლებლის პროფესია უფრო ხილვადი და დაფასებული გახდეს. მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს ამ პროფესიით და გვაქვს ამბიცია, რომ ამ კონკურსის  მეშვეობით გამორჩეული და საინტერესო მასწავლებლები აღმოვაჩინოთ. ყოველ წელს ჩანს რომ უფრო და უფრო მეტი დაინტერესებაა. წლევანდელი დარბაზი, ალბათ, იყო სამჯერ უფრო მრავალრიცხოვანი, ვიდრე შარშან. ინტერესი ეროვნული ჯილდოს მიმართ უდავოდ გაზრდილია; ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაცია გვიკავშირდება, აქვთ სურვილი ჩაერთონ ამ პროექტში და გამოხატონ თავიანთი პატივისცემა მასწავლებლების მიმართ. გული სიამაყით მევსება, როდესაც ჩვენს გამორჩეულ პედაგოგებს  ვხედავ. მინდა მათ განსაკუთრებულად მივულოცო ეს დღე, ყველას  მადლობა ვუთხრა  არაჩვეულებრივი პედადგოგიური პრაქტიკისთვის. იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის საზეიმო ცერემონია გაცილებით მასშტაბური იქნება“, – უთხრა ირინა ხანთაძემ EDU.ARIS.GE-ს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული და საუკეთესო ათეული სპეციალურმა  ჟიურიმ შეარჩია. კონკურსში მონაწილე პედაგოგების განცხადებით, საპრიზო ადგილების მოპოვება ნიშნავს, რომ ისინი თავიანთ პრაქტიკას კოლეგებსაც გაუზიარებენ.

„მოხარული ვარ, რომ მასწავლებლის ჯილდოს ხუთეულში მოვხვდი. ძალიან დიდი სტიმულია, სხვა პასუხისმგებლობის ქვეშ ვართ, სხვა ვალდებულებებია, რომლებიც უნდა შევასრულოთ და კოლეგებს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ. მარტივი ამ ცხოვრებაში არაფერია, მაგრამ ვინც გარისკავს –  ღირს. ამიტომ მოვუწოდებ პედაგოგებს, დარეგისტრირდნენ და მოვიდნენ აქამდე – გვითხრა სურამის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგმა, ჯილდოს ხუთეულის წევრმა ჯაბა ლაბაძემ.

„ძალიან ბედნიერი ვარ რომ ასეთი რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში, სასიხარულოა რომ გლობალურ კამპანიას შევუერთდით.  ეროვნული ჯილდოს თითოეული მონაწილე მზადაა თავის პატარ-პატარა ნაბიჯებით პროფესიის პოპულარიზაციას  შეუწყოს ხელი. იმდენად საინტერესოა თითონ აპლიკაციის შევსების პროცესი, რომ ნებისმიერ  მასწავლებელს ვურჩევდი მონაწილეობას, დიდ გამოცდილებას მიიღებს და პროფესიულად განვითარდება. უზრამაზარი სტიმულია, არამარტო შენ ხედავ რომ შენი შრომა ფასდება, არამედ ამას ხედავს გარემოცვა რომელიც შენ ირგვლივაა. კმაყოფილების განცდა ეუფლებათ, როდესაც ვიღაც რაღაცა კარგს აკეთებს და უფასდება –  ამბობს ხუთეულის კიდევ ერთი წევრი, თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მასწავლებელი ლელა კოტორაშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი საუკეთესო ათეულში, ვაცნობიერებ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი. შესანიშნავი პრიზები მივიღე მასწავლებლის საერთშორისო დღეს, პლანშეტი და პროექტორი, ეს ნივთები წაადგება ჩემს სამომავლო საქმიანობას, რომ უფრო ეფექტური გავხადო სასწავლო პროცესი. პლუს ამას, თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები მომეცა, მწვანე მიმართულებით, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მარნეულის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგმა  თემურ სუხაშვილიმა ჩვენთან საუბარში.

ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს კამპანიის გენერალურმა სპონსორმა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 10 000 ლარი გადასცა.  დანარჩენი ოთხი ფინალისტი კი  ლიბერთი ბანკმა დააჯილდოვა. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ღონისძიება საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში წელს 104 მასწავლებელი იყო ჩართული, მათგან საუკეთესო ხუთეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მანანა კაპეტივაძე გახდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური