GE

„თითოეული მოსწავლის ოჯახში შევდივართ, დავმეგობრდით, ვისწავლეთ ერთმანეთის მოსმენა და დახმარება“ – პედაგოგების პირველი სასწავლო დღე

ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ეს დღე ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის. როგორ ჩაიარა პირველმა დისტანციურმა გაკვეთილმა და რა განწყობით დაიწყო ახალი სასწავლო წელი? – პედაგოგებმა შთაბეჭდილებები EDU.ARIS.GE-ს გაუზიარეს.

ნინო ბაკურაძე თბილისის 133-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელია. პირველი გაკვეთილი უკვე ჩაატარა. ფიქრობს, რომ მასწავლებელი ყოველთვის პოზიტიურად უნდა იყოს განწყობილი და დადებით მუხტს არ კარგავდეს.

,,ონლაინ სწავლების პროცესმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა. სკოლის აუდიტორიაში კი არ შევდივართ, არამედ თითოეული ჩვენი მოსწავლის ოჯახში, ხშირია შემთხვევები, როცა მოსწავლეებს ვეკითხებით და  მშობლები თავადვე გვპასუხობენ, დავმეგობრდით, ვისწავლეთ ერთმანეთის მოსმენა და დახმარება. დღეს, აღარ გვქონდა არანაირი ბარიერი. სად შევიდე; რას დავაჭირო; ხმა არ ისმის – ასეთი ფრაზები აღარ გვესმის. ყველანი განვვითარდით და ერთად გავიზარდეთ, მზად ვართ ყველა გამოწვევისთვის, არ ვიცი რა უნდა მოხდეს, რომ ჩვენ უმოქმედოდ ვიყოთ.

დარწმუნებული ვარ, ყველა ჩემმა კოლეგამ ამ განწყობით დაიწყო, რადგან ის საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, ნებისმიერ დაბრკოლებაზე მაღლა დგას, ბავშვების პოზიტიური განწყობა კი, ყოველთვის გადამდებია. ჩვენ დღეს გვყავს უამრავი მსმენელი და მხოლოდ კი არ ვსწავლობთ, ვურთიერთობთ, ხალისს ვქმნით და მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ ამ რეალობის ნაწილი ვარ“, – ამბობს პედაგოგი.

ნატო ფერიაშვილისთვის წლევანდელი სასწავლო წელი დანარჩენებისგან გამორჩეულია, რადგან მისი შვილიც მიდის სკოლაში და 4 ოქტომბრიდან ინგლისური ენის მასწავლებლის ამპლუას, პირველკლასელის მშობლის სტატუსიც დაემატება. მან დადებითი განწყობებით დაიწყო პირველი ონლაინ გაკვეთილი თბილისის N213 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და 4 ოქტომბერსაც მოუთმენლად ელოდება, რომ საკუთარი შვილიც მიაცილოს სკოლაში.

,,ბედნიერები ვართ ყველა და ასეც უნდა იყოს. მასწავლებლებს არანაკლებ გვახარებს ახალი სასწავლო წლის დაწყება, ზაფხულის არდადეგები ჩვენც მობეზრებული გვაქვს. მეტი კომუნიკაცია გვჭირდება, მეტი ურთიერთობა, მეტი სიხარულისა და სითბოს გაზიარება და, რა თმა უნდა, რეჟიმში ყოფნაც.

საოცარი გრძნობა, როცა აკეთებ საყვარელ საქმეს და გახარებულ მოსწავლეებს ხედავ, მათი გაბრწყინებული სახეები ამ დღეს უფრო ნათელს და მნიშვნელოვანს ხდის. ჩემი შვილიც პირველკლასელი ხდება წელს, მოლოდინის რეჟიმში ვართ და ერთი სული გვაქვს როდის მოვა 4 ოქტომბერი, მართალია, ახლა ცოტა მოკრძალებულად შევხვდით სწავლის დაწყებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ 4 ოქტომბერს სკოლებში შევხვდებით და  პატარებისთვის ნამდვილი ზეიმი გვექნება“, – გვიზიარებს ემოციებს ნატო ფერიაშვილი.

სწავლის დაწყების დღე ამაღელვებელი გამოდგა თბილისის სერვანტესის სახელობის კერძო გიმნაზია AIA-GESS-ის დაწყებითი კლასების მასწავლებელ ეთო ქავთარაძისთვისაც. ის საყვარელ საქმიანობას დეკრეტული შვებულების შემდეგ, სწორედ დღეს დაუბრუნდა და ამბობს, რომ დედობამ პასუხისმგებლობის გრძნობა გაუორმაგა.

,,როცა სკოლა იწყება ყველანი ვხედავთ,  ბავშვების ისედაც გაბრწყინებული და განათებული  თვალები, როგორ ხდება უფრო მრავლისმეტყველი. მათ თვალებში იმედი, სიყვარული, სიხარული, შფოთვა და შემეცნების  სურვილი ერთდროულად  ამოიკითხება. ვფიქრობ, ჩემი  როგორც  კლასის ხელმძღვანელის, მასწავლებლისა და ფსიქოლოგის ვალია, ეს თვალები წლის ბოლომდეც ასე ელვარებდეს.

წლევანდელი  სასწავლო წელი ჩემთვის კიდევ უფრო განსხვავებულია, რადგან უკვე დედის ამპლუაში ვარ. მოსწავლეების მხრიდან ყოველთვის უხვად ვიღებდი სითბოს და სიყვარულს, დისტანციურ სწავლებას იგივე ემოციების მიღებისთვის ხელი არ შეუშლია. ჩემს მოსწავლეებთან საუბარს ყოველთვის იმით ვიწყებ, რომ ყველა მათგანი  განსაკუთრებული და თანაბრად   მნიშვნელოვანია, რომ არ შეეშინდეთ  სირთულეების და შეუძლებლად არაფერი ჩათვალონ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მომავალი ძალიან  კარგ ხელშია. მასწავლებლებს უზარმაზარი  როლი  გვაქვს და ამ დავალებას მთელი სიყვარულით და ენთუზიაზმით უნდა გავართვათ თავი“, – განაცხადა პედაგოგმა EDU.ARIS.GE-სთან.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა დილის 9 საათიდან დისტანციურად განახლდა, სწავლას პირველკლასელები 4 ოქტომბრიდან შეუდგებიან.

ასევე იხილეთ:

სწავლა პირველკლასელების გარეშე ონლაინ იწყება – მშობლების ემოციები

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური