GE

„თითქოს სკოლაში არც დავბრუნებულვართ…“- რა სირთულეები აქვთ მოსწავლეებს და როგორია სპეციალისტის რეკომენდაცია მშობლებისთვის

სწავლის საკლასო ოთახებში განახლება, თითქმის მთელი ქვეყნისთვის – მშობლებისთვის, პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისთვის საზეიმო სიახლე იყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ სასიხარულო ფაქტს თავისი უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენებიც აქვს. კერძოდ კი ის, რომ მოსწავლეთა ნაწილისთვის გადაჩვეულ გარემოში დაბრუნება საკმაოდ დიდი სტრესის საფუძველი გახდა და როგორც აღმოჩნდა, ამ სტრესით გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლა მათ მშობლებს დღესაც უწევთ.

ამ მომენტისთვის სკოლის შენობებში სწავლა მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს. გარდა იმ სკოლებისა და კლასებსა, რომელთაც ვირუსის გავრცელების გამო, დროებით, ისევ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა მოუწიათ. სკოლებში სწავლის განახლებიდან მალევე გამოიკვეთა სირთულეები, რომელთაც მოსწავლეთა და მშობელთა გარკვეული რაოდენობა გადააწყდა და რომელზეც სტატიაში ვისაუბრებთ.

სესილი ლილუაშვილის გოგონა 10 წლის არის და მეხუთე კლასში სწავლობს. სკოლაში ზუსტად 1-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. დაწყებითი განათლების საფეხური დისტანციურად დაასრულა და როგორც სესილი გვეუბნება, საყვარელ მასწავლებელსაც ონლაინ დაემშვიდობა. კლასის ახალი დამრიგებელი და ყველა სხვა პედაგოგიც შორიდან გაიცნო. კლასელებსაც მხოლოდ დისტანციური გაკვეთილების დროს ეკონტაქტებოდა და როცა სკოლაში ისევ დაბრუნდა, აღმოჩნდა, რომ იქ მისთვის ნაცნობი და საყვარელი გარემო აღარ დახვდა.

„ისეთი ასაკი აქვთ, უცებ რომ იზრდებიან. გაუჭირდა ვიზუალურად შეცვლილი კლასელების მიღება. მგელობანას მოთამაშე ბავშვებიდან უცებ ხასიათ და გარეგნობა შეცვლილი მეგობრები დაინახა. ნაწილობრივ ჩემი ბრალია – „გაჯეტებს“ მოშორებულია და სოციალური ქსელის არქონამ უფრო დააშორა, ალბათ. ფაქტობრივად, ონლაინ გაკვეთილის გარდა, კლასელებთან ვერ კონტაქტობდა. ჯერჯერობით, ისევ დათრგუნულია. კლასის დამრიგებელი მისი განცდების შესახებ საქმის კურსშია და ყურადღებას იჩენს. ჩვენს სკოლას ფსიქოლოგი არ ჰყავს. ჯერჯერობით, ვერ ვხედავ აუცილებლობას სპეციალისტს მივმართოთ. საღამოობით ბევრს ვსაუბრობთ და ყველაფერს განვიხილავთ. თუკი ამ ფიქრებს ვერ გადააგორებს, მაშინ აუცილებლად მივმართავ სპეციალისტს“, – ამბობს სესილი

დაჩი უსტიაშვილი მეორე კლასელია და ამბობს, რომ სკოლაში დაბრუნების შემდეგ მეტი ზრუნვა იგრძნო და მისთვის ეს უცნაური იყო. დაჩის დედის თქმით, დისტანციური სწავლების დროს, ასაკიდან გამომდინარე, ბავშვებს სოციალურ ქსელში ურთიერთობა თითქმის არ ჰქონიათ, მხოლოდ ონლაინ-გაკვეთილების დროს ხვდებოდნენ და დაჩი ხშირად ახსენებდა, რომ კლასელებთან გამოლაპარაკების რცხვენოდა. ის ამბობს, რომ დისტანციურმა სწავლებამ გაუცხოება გამოიწვია, მაგრამ ბავშვის მცირე ასაკიდან გამომდინარე უფრო ადვილადაც გადალახა და კლასელებს ხელახლა, შედარებით მარტივად დაუახლოვდა.

“დისტანციური გაკვეთილების დროს ბავშვებთან მისალმებაც კი არ უნდოდა, რცხვენოდა. მასწავლებელთან უფრო აქტიურობდა, მაგრამ მას ბავშვის ხმა ხშირად არ ესმოდა და ამის გამო ძალიან ნერვიულობდა. მხოლოდ იმ ბავშვს ეკონტაქტებოდა, რომელიც მეზობლად ცხოვრობს და ყოველდღიური პირადი ურთიერთობა ჰქონდა. ვისაც პირადად ვერ ხედავდა, მათთან ურთიერთობა საერთოდ აღარ გამოსდიოდა. ვეღარც იმის ვალდებულებას გრძნობდა, რომ ემეცადინა. კლასთან ძალიან გაუცხოებული იყო”, – ამბობს დაჩის დედა, მარი ქურციკაშვილი.

ნატა (სახელი შეცვლილია) მე-9 კლასის მოსწავლეა. სკოლაში დაბრუნებას, სხვების მსგავსად, ისიც სიხარულით ელოდა, თუმცა მოლოდინი პირველივე დღეებში გაუცრუვდა, როცა საყვარელი, მხიარული კლასის ნაცვლად ხელში ერთმანეთისგან გაუცხოებული ბავშვები შერჩა, რომელთაც, თითქოს, საერთო აღარაფერი აქვთ.

„თითქოს სკოლაში არც დავბრუნებულვართ, ერთმანეთთან კონტაქტი მაინც არ გვაქვს. დასვენებებზე ყველა თავის მერხთან ზის და ტელეფონში აქვს თავი ჩარგული. აქამდე ასე არ იყო, მართლა კარგად ვერთობოდით, ახლა კი, თითქოს აღარავის აინტერესებს ერთმანეთთან ლაპარაკი, სიცილი, თუნდაც გიჟობა. ერთ-ერთ დასვენებაზე ჩემი კლასელისგან “ჩატში” მივიღე მესიჯი, რომელიც იმ დროს კლასში იყო, ჩემგან რამდენიმე მერხის მოშორებით. რაღაცის კითხვა უნდოდა და ერჩივნა მესიჯი მოეწერა, ვიდრე ამდგარიყო, მოსულიყო და ეკითხა. ეს არ მომწონს, მათთან უხერხულად ვარ. ასე მგონია უცხო კლასში მოვხვდი, ყველას ვიცნობ, მაგრამ ვეღარავის ვცნობ“, – ამბობს ნატა.

სიტუაციას, რომელსაც ჩვენი რესპონდენტები აღწერენ, ფსიქოლოგი ნინო ბუაძე ბუნებრივს უწოდებს და ამბობს, რომ ცვლილებების მოლოდინის მიერ გამოწვეული სტრესი გასაკვირი არაა. მისი თქმით, ადამიანისთვის, როგორც სოციალური არსებისთვის, კომუნიკაციის პროცესი ფუნდამენტურია და პანდემიის გამო, რიგი უნარები და შესაძლებლობები მათ ხელახლა უნდა გამოიმუშაონ. ამ ყველაფრისაგან გამოწვეული დაძაბულობა კი იმდენად მაღალია, რომ ბავშვების ნაწილი, თუკი დამოუკიდებელი არჩევანის შესაძლებლობას მისცემენ, კვლავ ონლაინ სწავლებას მიანიჭებდა უპირატესობას.

„გასათვალისწინებელია ბავშვის მანამდე არსებული დამოკიდებულება სკოლის მიმართ. თუ სასკოლო გარემო მისთვის სტრესული იყო, ბუნებრივია, სახლში მეტი კომფორტი აღმოაჩინა. მაგალითად, დაისვენა არაჯანსაღი ურთიერთობებისგან, ონლაინ სწავლებისას გაკვეთილების დრო შემცირდა, გაკვეთილის მსვლელობის დროს შეეძლო გამოერთო ეკრანი და ხმა. ე.ი. მეტი თავისუფალი ნება და ნაკლები დაძაბულობა ჰქონდა. რაც შეეხება ინტერესების ცვლას, ნუ დაგვავიწყდება, რომ ამასობაში ერთი წელი გავიდა და ეს პროცესი ბუნებრივადაც შეიძლებოდა დამდგარიყო”, – აღმიშნავს ნინო ბუაძე.

გაუცხოების პრობლემა, მისი თქმით, უფრო დაბალი კლასების მოსწავლეებს შეეხოთ, ვინაიდან განსაკუთრებით 1-2 კლასელებმა, პანდემიამდე, სკოლასთან ადაპტაციაც ვერ მოასწრეს. თუმცა აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიასთან არსებული გამოცდილებებიც ცოტაა და შესაბამისად, დადებითი განწყობის ჩამოყალიბება უფრო იოლია. რაც შეეხება მაღალი კლასის მოსწავლეებს, მათთან, ფსიქოლოგის თქმით, განწყობასა და მოლოდინებზე უკვე არსებული გამოცდილება ახდენს გავლენას.

იგი მშობლებსა და პედაგოგებს, ამ გარდამავალ ეტაპთან გასამკლავებლად, რჩევებსაც აძლევს და ამბობს, რომ მთავარია მათი მდგომარეობა მეტად გავაცნობიეროთ და თუკი სწავლასთან დაკავშირებული უნარები, როგორიცაა – ყურადღების კონცენტრაცია, მეხსიერება, აზროვნება, მეტყველება, ნებისყოფა და წარმოსახვა პედაგოგისა და მშობლის მოლოდინს ვერ პასუხობს, ამის გამო საყვედურებით მდგომარეობა კიდევ უფრო არ გავურთულოთ, რადგან აღნიშნულს ყველაზე მეტად თავად ბავშვები გრძნობენ და განიცდიან.

„გვახსოვდეს მათი ფუნდამენტური საჭიროებები, რომლის დაკმაყოფილებაც, ამ ასაკში, პედაგოგებსა და მშობლებს ყველაზე უკეთ შეუძლიათ: მოვუსმინოთ ბავშვებს, გავუმარტივოთ, ვაღიაროთ, გავიაზროთ მათი შესაძლებლობები და მივიღოთ, მხარი დავუჭიროთ, წავახალისოთ, ე.ი. ვიზრუნოთ!“, – დასძენს ნინო ბუაძე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური