GE

თსუ 16 500 ლარის ყავას ყიდულობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ყავის შესაძენად 16 500 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში დაკონკრეტებულია, რომ უნივერსიტეტს 15 ათასი ცალი ერთჯერადი ნატურალური და 35 ათასი ცალი რძიანი ყავის შეძენა სურთ კვების ობიექტებისთვის.

პირობებში აღნიშნულია, რომ მიწოდებული საქონელი არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს. სურსათის უვნებლობა, შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის 60%.

ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია ყავა უნივერსიტეტში თავად მიიტანოს.

უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ტენდერის მიზნობრიობაზე განმარტებას აკეთებს:

“2017 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამოქმედდა კვების ორი ობიექტი, რომელიც სტუდენტებს ხელმისაწვდომ ფასებში ემსახურება. უახლოეს დღეებში კიდევ 3 კვების ობიექტი გაიხსნება XI,  VII და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კორპუსებში. შესაბამისად, კვების ობიექტებისთვის მიმდინარეობს ტენდერები პროდუქტების (ბოსტნეული, ხორცის პროდუქტები, ბურღულეული და ა.შ) შესაძენად. 16500 ლარის  ღირებულების ყავის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი გათვალისწინებულია სწორედ სტუდენტური კვების ობიექტების მომარაგებისთვის.

ეს პროდუქტი არ არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის სხვა ადმინისტრაციული  სტრუქტურებისთვის”, – აღნიშნულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი წერილობით განმარტებაში.

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური