GE

თსუ-ის 100 წლის იუბილე იუნესკოს ღონისძიებათა სიაში შევა და ორგანიზაციის ეგიდით აღინიშნება

2018 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე იუნესკო-ს ღონისძიებათა სიაში შევა და ორგანიზაციის ეგიდით აღინიშნება. გადაწყვეტილებას ამის შესახებ პარიზში იუნესკოს ასამბლეის სხდომაზე მიიღებენ, რომელიც 3-4 ნოემბერს გაიმართება.

როგორც საქართველოს იუნესკოს საქმეთა კომისიის ეროვნულმა მდივანმა ქეთი კანდელაკმა განაცხადა, საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაცია “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავი”, სხვა ქვეყნებიდან წარდგენილ ნომინაციებთან ერთად განიხილება იუნესკოს გენერალურ კონფრენციაზე.

“ამ ნომინაციის დამტკიცების შემთხვევაში, საიუბილეო თარიღი 2018 წელს აღინიშნება გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მხარდაჭერით, რაც ადასტურებს მოვლენის საერთაშორისო მნიშვნელობას”, – აღნიშნა ქეთი კანდელაკმა.

მისივე განმარტებით, 1956 წლიდან იუნესკო აქტიურად მონაწილეობს წევრ ქვეყნებში ღირსშესანიშნავი ისტორიული მოვლენებისა თუ გამოჩენილი პირების იუბილეების აღნიშვნაში, რაც თავის მხრივ ამ მოვლენებს მსოფლიო მნიშვნელობას ანიჭებს.

როგორც ქეთი კანდელაკმა განაცხადა, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, იუნესკო თხოვნით მიმართავს წევრ ქვეყნებს მიაწოდონ ორგანიზაციას განსახილველად იმ ღირსშესანიშნავი თარიღების ჩამონათვალი (მაქსიმუმ ორი ნომინაცია), რომელთა აღნიშვნაში იუნესკომ შესაძლებელია, მიიღოს მონაწილეობა მომდევნო ორწლედის განმავლობაში.

მისივე თქმით, წარდგენილი ნომინაციების საბოლოო დამტკიცება, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ხდება იუნესკო-ს გენერალური კონფერენციის მიერ. იმისათვის, რომ განსახილველად წარდგენილი თარიღები იუნესკომ აღიაროს საყოველთაო მნიშვნელობის დღესასწაულად, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:

  • თარიღი უნდა იყოს მინიმუმ რეგიონალური მნიშვნელობის, ემთხვეოდეს იუნესკოს პრიორიტეტებს და უნდა უწყობდეს ხელს ტოლერანტობის, მშვიდობის იდეალებისა და კულტურული დიალოგის განმტკიცებას;
  • იუბილე უნდა წარმოადგენდეს 50 ან 100 წლისთავს, ან შეესაბამებოდეს ორმოცდაათზე ჯერად თარიღს;
  • ნომინაციების წარდგენისას სასურველია დაცული იყოს გენდერული ბალანსი.

საქართველოს იუნესკოს საქმეთა კომისიის ეროვნული მდივანი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ახალი რეგულაციების თანახმად, ეროვნულ დონეზე დაგეგმილ ღონისძიებებთან ერთად, წევრ ქვეყანას დაგეგმილი უნდა ჰქონდეს სულ მცირე ერთი საერთაშორისო ღონისძიება ღირსშესანიშნავი თარიღის აღნიშვნის ფარგლებში. ამავდროულად, ქვეყანა ვალდებული იქნება იუნესკოს მიაწოდოს ანგარიში ღირსშესანიშნავი თარიღის აღნიშვნის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. ამასთანავე, იუნესკო აწვდის წევრ ქვეყანას დამტკიცებული იუბილისთვის საგანგებოდ შემუშავებულ ლოგოს, რომლის გამოყენება მიზანშეწონილია იუბილის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების დროს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური