GE

თსუ-ის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დაარსების 10 წლის იუბილე – ღონისძიებები თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დაარსებიდან 10 წლის და რომის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 წლის საიუბილეო ღონისძიება „ევროკავშირი 60. ევროკავშირის წარსული, აწმყო და მომავალი” გაიმართა.

ღონისძიებას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ-ის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იოჰანეს დუმა, საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დიდიე ლერუა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

2007 წლიდან დღემდე რამდენიმე ასეულმა სტუდენტმა წარმატებით დაამთავრა თსუ-ის ევროპისმცოდნეობის სასწავლო პროგრამა და ასევე წარმატებით დასაქმდა საჯარო სექტორში, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში. ღონისძიების ფარგლებში თსუ-ის ევროპული კველევების ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ.

თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცახდებით, 60 წლის წინ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რითაც დაფუძნდა გაერთიანებული ევროპა, ხოლო თსუ-ში 10 წლის წინ ჩამოყალიბდა ევროპული კვლევების ინსტიტუტი. ,,დაარსებიდან დღემდე ამ პროგრამის 200 კურსდამთავრებული გვყავს  და ყველა დასაქმებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს იმ სტუდენტს, რომელიც ირჩევს ევროპეისტიკას, როგორც საგანს, რათა დასაქმდეს და ძალიან წარმატებული გახდეს ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა რექტოერმა.

„ევროკავშირს, ევროკომისიას და ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში ძალიან დიდი წვლილი აქვთ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დაფუძნებაში. ეს იყო ძალიან გაბედული ნაბიჯი იმ დროისთვის, როდესაც გადავწყვიტეთ ამიერკავკასიის მასშატაბით შეგვექმნა პირველი ინტერდისციპლინური ინსტიტუტი და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობაში. ევროკავშირის დაფინანსებით ასევე ავამოქმედეთ სადოქტორო პროგრამაც. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროინტეგრაციის კომიტეტთან პარლამენტში, ისევე როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ევროპასთან და ნატოსთან ინტეგრაციის საკითხებში.  ჩვენ სტუდენტებს აქვთ ექსკლუზიური შესაძლებლობა  სტაჟირება გაიარონ სახელმწიფო მინისტრის აპარატში, უშუალოდ გაეცნონ სამუშაო პროცესს“, – აღნიშნა თსუ-ის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ნინო ლაპიაშვილმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი 2007 წელს ევროკავშირის TACIS-ის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანადგომით დაარსდა. ევროპული კვლევების ინსტიტუტის სტუდენტები სწავლობენ ევროკავშირის ეკონომიკას, ევროკავშირის ფინანსურ და სავალუტო პოლიტიკას, ევროკავშირის სამართალს, კონკურენციის პოლიტიკას, ევროპეიზაციას და ევროინტეგრაციის თეორიებს, ევროკავშირის ენერგეტიკულ პოლიტიკას, თავისუფალ ვაჭრობას და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. სტუდენტებს  ასევე აქვთ საშუალება გაეცნონ  საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ასპექტებს, მიიღონ სათანადო ცოდნა ევროპის და ევროკავშირის ისტორიისა და ევროპის კულტურული მოზაიკის გარკვეული ასპექტების შესახებ.

საიუბილეო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოფენა “მტკიცე კავშირი, რომელმაც დროს გაუძლო”, რომელიც ტექსტების, ფოტომასალებისა და დოკუმენტების მეშვეობით, ევროკავშირის ისტორიის ძირითად ეტაპებსა და უმნიშვნელოვანეს მიღწევებზე მოგვითხობს. ასევე, გაიმართა დისკუსია ევროკავშირის მომავალზე და საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA). ღონისძიების ორგანიზატორი იყო იტალიის საელჩო საქართველოში.

„60 წლის წინ რომში მოეწერა მნიშვნელოვან შეთანხმებებს ხელი, რომელიც ითვალისწინებდა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის შექმნისა და ატომურ სფეროში თანამშრომლობის ე. წ. ევროატომის შეთანხმებას. რომელსაც შემდგომ კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია და განვითარება და მეტი კეთილდღეობა მოჰყვა. გადავწყიტეთ რომ ევროპელებთან ერთად თბილისში გვეზეიმა, რადგან საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, საქართველო არის მომავალი წევრი ევროპული და ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის. ჩვენ ერთად ვზეიმობთ დღევანდელ დღეს. განვიხილავთ თემებს, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის წარსულს და მომავალს და საქართველოს ადგილს ამ პროცესში“, – განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.

„ჩვენ დღეს აღვნიშნავთ ევროპის დაბადების დღეს – უპრეცედენტო  მშვიდობისა და კეთილდღეობის 60 წელს. ყველაფერი დაიწყო რომში 60წლის წინ, თუმცა მაშინ, როდესაც ევროპის დაბადების დღეს აღვნიშნავთ, ევროპას ისეთი პრობლემები აწუხებს, როგორიც არის ეკონომიკური კრიზისი, მიგრაციის კრიზისი და რწმენის დაკარგვა ევროპულ პერსპექტივაში. თუმცა სხვა ქვეყნები, მაგალითად, როგორიცაა საქართველო, ევროპას უყურებენ, როგორც თავიანთ მომავალს. დღეს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ საქართველოს დამსახურებულ ვიზალიბერალიზას, რომელიც რამდენიმე დღეში  ძალაში შევა“, – აღნიშნა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური