GE

თსუ-ის სტუდენტთა უფლებებს სტუდენტური ომბუდსმენი დაიცავს – სიახლეები თბილისის სახელმწიფო უნივერრსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2016/2017 წლის სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრს სიახლეებით შეხვდა.

რთული ბიუროკრატიული ბარიერი, რაც სტუდენტების და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლების მომართვების განხილვას ახანგრძლივებდა, დღის წესრიგიდან მოიხსნა. 2017 წლის 1 იანვრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამოქმედდა ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა დოკუმენტებთან მუშაობა. ეს სიახლე ხელშემწყობი ფაქტორია სტუდენტური პროექტების დაჩქარებული წესით განსახილველად. ბოლო ათწლეულის მანძილზე დაუძლეველ პრობლემად ქცეული სტუდენტური პროექტების დაფინანსების საკითხი სტუდენტების სასარგებლოდ  გადაიჭრა. ამ ეტაპზე სტუდენტების განაცხადების მიღება სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით მიმდინარეობს. უკვე შემოსულია 45 საპროექტო განაცხადი და გრძელდება განაცხადების მიღება სტუდენტური სამეცნიერო პროექტების დაფინანსების თაობაზე.

თსუ-ის რექტორის ინიციატივით,  სტუდენტური პროექტების დაფინანსების გამჭვირვალობისა და პარიტეტის დასაცავად შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების, თსუ-ის და სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები შევიდნენ. სტუდენტური პროექტების დაფინანსება მოხდება საგრანტო კონკურსის საფუძველზე.

ახალი სასწავლო სემესტრიდან თსუ-ის სტუდენტთა უფლებებს სტუდენტური ომბუდსმენი დაიცავს. სტუდენტთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის, შეზღუდვის ფაქტების გამოვლენისთვის, შესაძლო კონფლიქტების პრევენციისა, სტუდენტსა და ადმინისტრაციას შორის  მედიაციისთვის, თსუ-ის რექტორის ბრძანებით, უნივერსიტეტში ამოქმედდა სტუდენტური ომბუდსმენის ინსტიტუტი. სტუდენტურ ომბუდსმენად დაინიშნა თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე მოქმედი კიოლნის (გერმანია) სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი, ახალგაზრდა მკვლევარი მარიო შიუტცე.

კიდევ ერთი სიახლე თსუ-ის X კორპუსში (მაღლივი) სტუდენტებისთვის კვების ობიექტის გახსნაა. ობიექტით, ძირითადად თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის, და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების  სტუდენტები და თანამშრომლები ისარგებლებენ. კვალიფიციურ პერსონალთან ერთად, სტუდენტებს და თსუ-ის თანამშრომლებს ტურიზმის პროფესიული პროგრამის სტუდენტები მოემსახურებიან. მომავალში კვების ობიექტზე თსუ-ის სტუდენტები დასაქმდებიან. უახლოეს პერიოდში კვების ობიექტი თსუ-ის პირველ კორპუსთანაც გაიხსნება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური