GE

თსუ-ის ყოფილი ბუღალტერი პროკურატურამ 165 000 ლარის მითვისებისთვის დააკავა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი დააკავა.

როგორც 5 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და უნივერსიტეტის შიდა აუდიტის მომართვების საფუძველზე დაიწყო.

„საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით – 165 000 ლარი“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა „თიბისი ბანკი” შეცდომაში შეიყვანა თითქოს უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო 105000 ლარის კრედიტი.

საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების, მითვისებაში დახმარების და კრედიტის უკანონოდ მიღების მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შოთაძის უწყებამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

დღეს, ექვს ოქტომბერს, საკითხზე განცხადება გაკეთდა თსუ-შიც. უნივერსიტეტის კანცლერის ინფორმაციით, თანხა ერთი ადამიანის ანგარიშზე 3-4 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად ირიცხებოდა.

„აღნიშნული ადამიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 წელზე მეტ ხანს მუშაობდა, 2021 წლის დეკემბერში გარკვეული ეჭვის ნიშნები შევიტანეთ გარკვეულ გადარიცხვებთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის მარტის თვეში ჩვენ მიერ გადაგზავნილ იქნა შესაბამისი მასალები პროკურატურაში შემდგომი გამოძიების მიზნით. ამ გამოძიების შედეგად, როგორც ხედავთ დადგინდა გარკვეული გადაცდომები“, – თქვა კანცლერმა, ლაშა საღინაძემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური