GE

თსუ-ისა და შპაიერის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები გამოცდილების მისაღებად გერმანიასა და საფრანგეთს ეწვივნენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობის“ 39 სტუდენტი ქ. შპაიერში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდა.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექციების გარდა, სტუდენტებისთვის გაიმართა ოფიციალური შეხვედრები და ექსკურსიები. სტუდენტები ეწვივნენ ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო და ადგილობრივ ინსტიტუციებს, როგორიცაა: ევროპარლამენტი და ევროსაბჭო სტრასბურგში, ევროპის ცენტრალური ბანკი ფრანქფურტში, მაინცის შინაგან საქმეთა სამინისტრო და რაინალდ-პფალცის პარლამენტი, აუდიტის სამსახური შპაიერში და ადმინისტრაციულ საქმეთა უზენაესი სასამართლო მანჰაიმში.

ინტერდისციპლინური, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტსა და ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება 2009 წლიდან.

საზაფხულო სკოლა თსუ-ის, ფოლკსვაგენის ფონდისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში 2019 წლის 5-18 აგვისტოს პერიოდში გაიმართა შპაიერში. საზაფხულო სკოლაში 2017 და 2018 წელს პროგრამაზე ჩარიცხული თსუ-ის 39 სტუდენტი და ოდესის (უკრაინა) უნივერსიტეტის 5 სტუდენტი მონაწილეობდა.

თსუ-ისა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ წელსაც ელოდება ახალ სტუდენტებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური