GE

თსუ-ში აკადემიურ ხარისხს ახალი კრიტერიუმებით შეაფასებენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ახალი კრიტერიუმების დაკმაყოფილება იქნება სავალდებულო. როგორც EDU.ARIS.GE-ის ექსკლუზიურად თსუ-დან აცნობეს, ახალი კრიტერიუმები ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევა.

თსუ-ის რექტორის მოადგილის მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, კანდიდატებისთვის სავალდებულო იქნება ღია, საჩვენებელი ლექციის ჩატარება, რომელსაც კომისიის წვერებთან და დაინტერესებულ სპეციალისტებთან ერთად დაესწრებიან და სპეციალური ანკეტით შეაფასებენ სტუდენტები.

„სამეცნიერო კუთხით შეფასებისას გათვალისწინებული იქნება გარე რეფერირების პრინციპი, აკადემიური მხარის შეფასებისას კი კანდიდატი ფასდება როგორც პოტენციური ლექტორი. შემუშავდება სპეციალური ფორმულა, სადაც აისახება ყველა გაზომვადი კომპონენტი. საკონკურსო კომისია სწორედ ზემოხსენებული ყველა კომპონენტის გათვალისწინებით შეაჯამებს შედეგებს და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას თითოეულ კანდიდატზე“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ის მიხეილ ჩხენკელმა.

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დავალებით უკვე დაიწყო მუშაობა აკადემიური პერსონალის შესარჩევად ახალი კრიტერიუმების შემოღებაზე. 1-ლი სექტემბრიდან კი პროცესი საჯარო განხილვის ეტაპს გაივლის. შედეგად მიღებული იქნება საბოლოო დოკუმენტი, რომელსაც აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები დაამტკიცებენ.

მისივე თქმით, სიახლე ასევე შეეხება სადისერტაციო ნაშრომების შეფასების სისტემასაც, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზრდება სადისერტაციო ნაშრომების ხარისხი და გამოირიცხება პლაგიატის არსებობა.

„აქამდე სადისერტაციო ნაშრომების შეფასება ხშირად არასპეცილისტებსაც უწევდათ, რაც არასწორია. ძალიან მალე ყოველი დისერტაციის დაცვისთვის შეიქმნება სადისერტაციო საბჭო, რომელშიც უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გარე რეფერირების პრინციპით მოწვეული იქნებიან დარგის სხვა სპეციალისტებიც. საბჭოს გადაწყვეტილებას შეისწავლის საუნივერსიტეტო სადისერტაციო კომისია.

ამ ახალ სტრუქტურას ერთგვარი ფილტრის ფუნქციაც ექნება. კომისიაში ფაკულტეტების და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს ტექნიკური ჯგუფი, რომელიც კომისიას პლაგიატისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესწავლაში დაეხმარება. დარწმუნებული ვართ, ეს ცვლილებები უზრუნველყოფს უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას“, – აღნიშნა ჩხენკელმა.

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური