GE

თსუ-ში გაიხსნა ახალგაზრდა მეცნიერთა III საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ახალგაზრდა მეცნიერთა III საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. სიმპოზიუმში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხსენებლები იტალიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ლატვიის, სერბეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, რუსეთის, საუდის არაბეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის უნივერსიტეტებიდან.
თსუ-ის რექტორის მოადგილის ნინო გვენეტაძის თქმით, „ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ წარმოდგენილი იქნა ძალიან მაღალი პრესტიჟის დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისია, რომელმაც სიმპოზიუმისთვის შეარჩია 90-მდე ნაშრომი. ამ მოხსენებებს წარმოადგენენ მონაწილეები. ვფიქრობ, სიმპოზიუმის მასალები ძალიან დიდ მოწონებას ჰპოვებს როგორც ქართულ სამეცნიერო, ისე უცხოელ მკვლევართა წრეებში.“

ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმის გუნდის მიდგომები მუდმივად იხვეწება და ვითარდება, მიზანი ერთია: მეცნიერული ეთიკისა და კვლევის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება, არსებული აკადემიურ გამოცდილების გათვალისწინება როგორც ადგილობრივ, ისე – საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე. წელს სიმპოზიუმზე წაკითხული საუკეთესო მოხსენებები დაიბეჭდება ორენოვან საერთაშორისო ჟურნალში „TSU-ti“, რომელიც სიმპოზიუმის ბაზაზე შეიქმნა.

„საქართველოს აქვს არა მხოლოდ საუნივერსიტეტო დიდი ტრადიციები სხვადასხვა აღმოსავლური ენების შესწავლისა, არამედ ისტორიული ურთიერთობის გამოცდილებაც. სწორედ ამით არის ნიშანდობლივი ის, რომ თსუ-ში ყოველთვის იყო მსოფლიო მნიშვნელობის აღმოსავლური ენებისა და ისტორიის შემსწავლელი სკოლები. მათი ხელმძღვანელები იყვნენ გამორჩეული მეცნიერები და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება“,- განაცხადა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა.

2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ეძღვნება თსუ-ში აღმოსავლეთმცოდნეობის სწავლისა და კვლევის ასწლოვან ტრადიციას. ქართულ სამეცნიერო სივრცეში ჩამოყალიბებული აღმოსავლური ფილოლოგია სრულად პასუხობს ბოლო ხანებში მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში არსებულ მიდგომებს, რომლებიც გულისხმობს ფილოლოგიის არსისა და დანიშნულების რევიზიონისტულ გადასინჯვას, მის ახლებურად დანახვას, ძირითადად ტექსტოლოგიად და წყაროთმცოდნეობის სფეროდ გაგებული ფილოლოგიის ვიწრო მასშტაბების გაფართოებასა და ინტეგრაციას სხვა სამეცნიერო დარგებთან.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იქნება ქართველოლოგიური პრობლემები. ქართველოლოგიის განვითარება კი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც სახელმწიფოებრივად ასევე აკადემიური თვალსაზრისით. იმედი გვაქვს, რომ ამ სიმპოზიუმის მასალები დიდად წაადგება ჰუმანიტარული დარგების განვითარებას როგორც ჩვენს უნივერსიტეტში, ასევე ქვეყნის მასშტაბით“,- განაცხადა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.

წლევანდელი სიმპოზიუმის პროგრამა გამოირჩევა მრავალფეროვნებით. მონაწილეთა წინაშე წარსდგებიან პლენარული მომხსენებლები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, დაგეგმილია თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისლამოლოგის – შტეფან ვაიდნერის წიგნების ქართული თარგმანების წარდგენა მკითხველის წინაშე („კურთხეულ იყვნენ უცხონი“ და „მუჰამედური ცდუნებები“), ასევე დაგეგმილია აღმოსავლური კალიგრაფიის ნიმუშების გამოფენა და ვორკშოპი. განსაკუთრებით საინტერესო იქნება თსუ-ის ბიბლიოთეკის კოლექციებში დაცული რარიტეტული აღმოსავლური წიგნების გამოფენა, რომელიც აერთიანებს არაბულ, სპარსულ, ოსმალურ, ებრაულ, სირიულ და ეთიოპურ ენებზე შესრულებულ ნამუშევრებს.

„სიმპოზიუმზე საშუალება გვექნება მოვუსმინოთ უმაღლესი რანგის მეცნიერების მოხსენებებს აღმოსავლთემცოდნეობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები იყვნენ ჩართულნი ჰუმანიტარულ კვლევებში. შოთა რუსთველის ეროვნული სახელმწიფო ფონდი ხელს უწყობს ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარებას“,- აღნიშნა ფონდის ხელმძღვანელმა ზვიად გაბისონიამ.

2019 წლის სიმპოზიუმი თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 30 ნოემბერს დასრულდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური