GE

თსუ-ში ტორე ბიორგოს წიგნის „დანაშაულის პრევენცია – ყოვლისმომცველი მიდგომა“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში „დანაშაულის პრევენცია, ქართულ-ნორვეგიული პერსპექტივები“ სემინარი ჩატარდა, რომლის ფარგლებში ნორვეგიელი პროფესორის ტორე ბიორგოს წიგნის – „დანაშაულის პრევენცია, ყოვლისმომცველი მიდგომა“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი „ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის“ მიერ ითარგმნა.

როგორც „ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის“ თავმჯდომარე გიორგი გიორგაძემ განაცხადა, ქართულ ენაზე მსგავსი ლიტერატურის სიმწირე საკმაოდ შემაფერხებელი ფაქტორია სტუდენტებისთვის, რომლებიც სამართლის მიმართულებით იღებენ განათლებას. ამიტომ, ტორე ბიორგოს ამ გამორჩეული ნაშრომის თარგმნა ახალგაზრდებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

„დღევანდელი სემინარი ტარდება ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენ უკვე 5 წელია ვთანამშრომლობთ და ამ თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა ცნობილი ნორვეგიელი კრიმინოლოგის, პროფესორი ტორეს ბიორგოს წიგნის „დანაშაულის პრევენცია – ყოვლისმომცველი მიდგომა“ ქართულად თარგმნა. ბატონი ტორე ჩვენთან იმყოფება და თვითონ წარადგენს ამ წიგნს. რაც ყვლაზე მნიშვნელოვანია, წიგნი გახდება სასწავლო, სავალდებულო მასალა კრიმინოლოგიის სწავლებისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს ძალზე წინგადადგმული ნაბიჯია იმ კუთხით, რომ ქართულ ენაზე ნაკლებად არის ხელმისაწვდომი ყოვლისმომცველი ნამუშევრები ამ დარგში“, – განაცხადა გიორგი გიორგაძემ.

სემინარის ფარგლებში ასევე გაიმართა „ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის“ პერიოდული გამოცემის, „ქართული სამართლის ჟურნალის“პრეზენტაცია. როგორც ღონისძიებაზე ითქვა, ეს ჟურნალიც მოწოდებულია იმისკენ, რომ მოხდეს სამართლებრივი კვლევების ხელშეწყობა და კლასიფიკაცია სტუდენტებს შორის, რათა მათ აქტიურად შეძლონ აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე მუშაობა. ჟურნალი გამოდის ბეჭდური და ელექტრონული სახით, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე.

სემინარზე ქართველ სტუდენტებს საკუთარ წიგნზე ტორე ბიორგოც ესაუბრა. მან დამსწრე საზოგადოებას დანაშაულის პრევენციის საკითხში ნორვეგიული და საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა. მისი თქმით, წიგნში მოცემულმა მიდგომებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა კრიმინოგენული ვითარება ნორვეგიაში და იმედი გამოთქვა, რომ ქართული სამართლებრივი სივრცეც გამოიყენებს ამ გამოცდილებებს.

„ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასცოციაცია“ 2014 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებებით მუშაობას. ტორე ბიორგოს ნაშრომი „დანაშაულის პრევენცია – ყოვლისმომცველი მიდგომა“ უკვე მესამე წიგნია, რომელიც მათი ხელშეწყობით ქართულ ენაზე ითარგმნა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელები აცხადებენ, მუშაობას მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური