GE

„თუ გინდა ოცნება აისრულო, აუცილებლად უნდა გამოიყენო შანსი, რომელსაც უნივერსიტეტი გაძლევს“ – ილიაუნის სტუდენტი

ნანი წიქარიძემ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და იმავე წელს სასურველ უნივერსიტეტში, ილიაუნიში ჩაირიცხა. იხსენებს, რომ სკოლის ასაკშივე აქტიური ბავშვი იყო და იმ პერიოდიდან ოცნებობდა საზღვარგარეთ სწავლასა და მოგზაურობაზე.

“პირველივე კურსიდან გავხდი პრეზიდენტის სტიპენდიატი და შემდეგ მოვიპოვე ყველასათვის სანატრელი ერასმუსის სტიპენდიაც. ილიაუნიში გატარებულ ნაყოფიერ და უბედნიერეს სტუდენტურ წლებს დაემატა დაუვიწყარი და თავგადასავლებით სავსე 5-თვიანი პერიოდი, რომელიც დანიაში, UCC-ის უნივერსიტეტში გავატარე.

ჩემმა უნივერსიტეტმა Erasmus +-ის დახმარებით მომცა შესაძლებლობა ბავშვობის ოცნება ამეხდინა და სრული დაფინანსებით მესწავლა და მემოგზაურა უცხოეთში. ვფიქრობ, გაწეულმა შრომამ ნაყოფი გამოიღო, ხოლო უცხოეთში გატარებულმა დრომ და შეძენილმა გამოცდილებამ კი დიდი გავლენა მოახდინა ჩემს განვითარებასა და გეგმებზე. საერთაშორისო პროგრამამ სამყარო სხვა თვალით დამანახვა, განვვითარდი როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად. უცხოეთში გავლილმა პროგრამამ (teacher education) შესაძლებლობა მომცა დავსწრებოდი და უშუალო მონაწილე ვყოფილიყავი კოპენჰაგენში, დანიურ სკოლებში ჩატარებული გაკვეთილებისაც, რომლის დროსაც შევისწავლე უამრავი მეთოდი (the nordic models), რომლებსაც საქართველოში სწავლებისას აუცილებლად გამოვიყენებ, რადგან ჩემს მომავალ პროფესიასთან (teacher, lecturer) მეთოდიკა უშუალოდ არის დაკავშირებული. ყველაზე მეტად სწავლების განსაკუთრებულ სისტემას გამოვარჩევდი, უნივერსიტეტის პროგრამა მთლიანად მორგებულია სტუდენტებზე და უდიდეს როლს თამაშობს პრაქტიკაზე დამყარებული სწავლება.
გარემო თბილი და მეგობრულია, რამდენიმე საგნის მასალებს შორის მსგავსებაც შევნიშნე. როგორც ილიაუნიშია სასკოლო პრაქტიკა, ასევეა დანიურ სკოლაში, რაც მეტად გივითარებს პედაგოგიურ უნარ-ჩვევებს.

ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო ადამიანი ჩემი ამერიკელი ლექტორი იყო, რომელიც დანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მას, ისევე, როგორც სხვა ლექტორებს და სტუდენტებს, გავაცანი საქართველო და საშობაო არდადეგების დროს იგი ესტუმრა საქართველოს. კიდევ გეგმავს აპრილში საქართველოს ესტუმროს ოჯახის წევრებთან ერთად და მოსანახულებელ სიაში ჩემი უნივერსიტეტი, ილიაუნიც შეიყვანა, რამაც ძალიან გამახარა.

the Nordic Model-კურსმა, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე, დამანახვა, რომ მხოლოდ თეორიის სწავლა არაფერია, თუ ყველაფერი პრაქტიკულად არ გაითავისე. ვფიქრობ, ჩრდილოეთის ქვეყნების მეთოდები გამორჩეულია და მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ.

ვფიქრობ, როდესაც შრომობ, აუცილებლად ფასდება და თუ გინდა ოცნება აისრულო, ისწავლო, იმოგზაურო და განვითარდე, აუცილებლად უნდა გამოიყენო შანსი, რომელსაც უნივერსიტეტი გაძლევს, და სცადო Erasmus+ ის პროგრამა”, – ამბობს ნანი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური