GE

„თუ პასუხი მოითხოვს ორი საუკუნის დასახელებას, მაგრამ დაწერთ ერთს, იმ ერთ ქულასაც ვერ მიიღებთ“ – ისტორიკოსი აბიტურიენტებს

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ისტორიის ჩასაბარებლად, არჩევითი საგნებიდან ყველაზე მეტი, 21 800-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა და შეიძლება ითქვას, რომ ამ გამოცდას წელს რეგისტრირებული აბიტურიენტების ნახევარი აბარებს. ისტორიაში საგამოცდო ტესტი 25 დავალებისგან შედგება და თითოეულს თავისი დათქმა აქვს. როგორ უნდა გაიგოს აბიტურიენტმა კონკრეტული დავალების პირობა კარგად და რა გაითვალისწინოს წერისას, ამის შესახებ მათ ყველაზე პრაქტიკულ მითითებებს EDU.ARIS.GE-ს საშუალებით აძლევს ისტორიკოსი, ეროვნული გამოცდების ნაშრომების გამსწორებელი, თბილისის 65-ე საჯარო და საერთაშორისო აკადემია ლოგოსის ისტორიის მასწავლებელი, ნინო გუნცაძე.

პირველი 15 დავალებაში აბიტურიენტმა ოთხი სავარაუდო პასუხიდან ერთ-ერთი უნდა შემოხაზოს. შემდეგ მოდის დავალება, სადაც ისტორიული მოვლენები და პიროვნებები აბიტურიენტმა ქრონოლოგიურად უნდა დაალაგოს, შემდეგ კი რუკაზე და ილუსტრაციაზე იმუშაოს, გააკეთოს ისტორიული წყაროს ანალიზი, მოიყვანოს არგუმენტები, შეაფასოს ისტორიული მოვლენა და გააკეთოს მისი ანალიზი.

აბიტურიენტს რომ გაუადვილდეს თითოეულ დავალებაზე პასუხის გაცემა, წარმოგიდგენთ ისტორიის გამოცდის ტესტის გარჩევას და რეკომენდაციებს დავალებების მიხედვით ნინო გუნცაძისგან:

რას მოიცავს 4 სავარაუდო პასუხის მქონე დავალება და როგორ ვიმუშაოთ მასზე

ამ შემთხვევაში აუცილებელია ფაქტობრივი ცოდნა, მაგრამ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს დასმული კითხვის სწორად გაგებას. მაგალითად, წინა წლის ტესტებში იყო ასეთი კითხვა – მე-19 საუკუნეში რომელი ქართული სამთავრო გააუქმა რუსეთმა? პასუხებში მოცემული იყო იმერეთი, კახეთი, აჭარა და გურია. ზოგმა აბიტურიენტმა იმერეთი შემოხაზა, ზოგმა კახეთი… იმერეთი იყო სამეფო. კახეთი ცალკე არ არსებობდა, იყო ქართლ-კახეთის სამეფო. აჭარა კი მთლიანად იყო ოსმალეთის შემადგენლობაში. ასე რომ, დარჩა გურია. ამით იმის თქმა მინდა, რომ აბიტურიენტებს ვთხოვ, ყურადღება მიაქციონ კითხვაში რა შინაარსია ჩადებული. სამეფო, სამთავრო – სიტყვების თამაშს უნდა მიექცეს ძირითადი ყურადღება.

ისტორიული მოვლენებისა და პიროვნებების ქრონოლოგიურად დალაგება
შეიძლება არ გვახსოვდეს წლები, მაგრამ უნდა გავიხსენოთ მოვლენა. შეიძლება ჩამოთვლილი იყოს მაგალითად, კიროს მეორე, დარიოს პირველი და პტოლემეების მმართველობის დასაწყისი. პტოლემეების მმართველობის დასაწყისი ცოტა დამაბნეველად ჟღერს. თუ გავიხსენებთ იმას, რომ ეს არის ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ ეგვიპტეში წასული ბერძნული დინასტია, მივხვდებით, რომ ეს ყოფილა ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ბოლო და თავისუფლად შეიძლება ამის დალაგება. ამიტომ, აბიტურიენტებს მინდა ვურჩიო, ნუ დაიბნევიან – ვაიმე, პტოლემეების დინასტიის დასაწყისი რომელიაო, არ იფიქრონ. შეიძლება კითხვა ცოტა რთულად იყოს დასმული, მაგრამ ყველაფრის გააზრება შეიძლება.

რუკა

დავალებაში, სადაც მოცემულია რუკა, აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება დასმულ კითხვას. თუ რუკას ახლავს სიტყვები, „რუკის მიხედვით“, ეს ნიშნავს, რომ უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი, რაც კი წერია ამ რუკაზე და აქვე დევს პასუხი. პირობით ნიშნებშიც უნდა ვეძებოთ პასუხები. მაგალითად, თუ გვეკითხებიან, რომელი ტერიტორიული ერთეულები აქვს რომის იმპერიას, იქ დანაყოფებია, სადაც წერია რომის პროვინციები თუ ბიზანტიის პრეფექტურები და ა. შ. ერთი სიტყვით, რუკაზე ყველაფერია მითითებული, რასაც კითხვებში ითხოვენ. თუ გვეუბნებიან, რუკის მიხედვით რომელი საუკუნეების ისტორიაა ასახული და ამ დროს რუკაზე დატანილია თარიღები, მაგალითად 667, 710… ეს ნიშნავს, რომ მე-7-მე-8 საუკუნეებზეა საუბარი. თუ გვეუბნებიან „საუკუნეები“, აუცილებლად ორ ან მეტ საუკუნეს ვეძებთ. თუ წერია „საუკუნე“, მხოლოდ ერთ საუკუნეს ვწერთ. ამ დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან შეიძლება პასუხი მოითხოვდეს ორ სხვადასხვა საუკუნეს, მაგრამ ერთქულიანი იყოს და თუ ორის მაგივრად ერთ საუკუნეს დაწერენ, მაშინ იმ ერთ ქულასაც ვერ მიიღებენ.

მეორე საკითხი, რაც რუკებს შეეხება ის არის, რომ ერთი ან ორი კითხვა შეიძლება მოითხოვდეს ზეპირ პასუხს. მაგალითად, გეკითხებოდნენ, თქვენი აზრით, რამ განაპირობა არაბთა სწრაფი სამხედრო წარმატება? თუ არის 7 ან 8 კითხვა, მინიმუმ 6 ან 7 პირდაპირ რუკიდან არის ამოსაღები და მხოლოდ ერთ ან ორ კითხვაში ეკითხებოდნენ აბიტურიენტს, თუ მისი აზრით, რამ განაპირობა ესა თუ ის მოვლენა, ან შეეძლო თუ არა ჰანიბალს იქ მოეგო კართაგენის მეორე ბრძოლა და ა. შ.

რუკას დამატებული დოკუმენტი

ბოლო სამი წელია, რაც მისაღებ გამოცდებზე ეს დავალება სრულდება. მოცემულია ძირითადად საომარი მოქმედების რუკა და მის გვერდით – ამ საომარი მოქმედების აღმნიშვნელი დოკუმენტის ამონარიდი. აბიტურიენტმა ორივეს წაკითხვა ერთად უნდა მოახერხოს. აქ აუცილებელია, პირველ რიგში, ტექსტს მივაქციოთ ყურადღება, რომელშიც არის პასუხების უმრავლესობა. ასევე, რუკაზე ისრების მიმართულებებს უნდა მიექცეს ყურადღება – რომელი უტევს და რომელი იხევს უკან. როგორც წესი, ამ ისრებს ორი ფერით აღნიშნავენ – წითელი და მწვანე. როდესაც ტექსტში ნახსენებია, იმან შეუტია და ბრძოლა ასე განალაგა, იქ ისრებით არის მითითებული, რომლითაც უნდა მიხვდეს აბიტურიენტი, რომელია დამხვდური მხარე და რომელი ის, ვინც უტევს. ისრების განლაგებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ეს არ უნდა გამორჩეთ.

ისტორიული წყაროს ანალიზი

ამ დროს მთლიანად ყურადღებით უნდა წაიკითხონ წყარო. ყველას ვურჩევ, სანამ თავიდან ბოლომდე არ წაიკითხავენ, არაფრის დაწერა არ დაიწყონ. მეორე ეტაპზე ასევე ყურადღებით წაიკითხონ კითხვები. აქაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ ისეთ სიტყვებს, როგორიც არის „წყაროს მიხედვით“, ან „ზედმიწევნით სრულად დაასახელეთ წყაროდან“… თუ ასე იწყება კითხვა, მაშინ, კარგი იქნება აბიტურიენტმა პირდაპირ მოიყვანოს ციტირება მოცემული ტექსტიდან. პასუხის სახით წყაროში ის ფრაზა უნდა ამოწერონ, რაც მათი აზრით ამ კითხვას პასუხობს. თუ სწორად გააკეთებს ზუსტ ციტირებას, აუცილებლად მიიღებს ქულას. წყარო ისეთი ტიპის სამუშაოა, სადაც გამოსაცდელის საზრიანობა უფრო მოწმდება, ვიდრე ფაქტობრივი ცოდნა, რადგან ყველაფერი შიგნით დევს.

ილუსტრაცია

ამ დავალებაში მოცემული იქნება პლაკატი, საფოსტო მარკა, დროშა… თუ მხოლოდ პლაკატია მოცემული, პირველ რიგში, უნდა გაიაზრონ, რა აწერია პლაკატს, რადგან ის ძირითადად თავად ასახავს ხოლმე შინაარსს და პასუხებიც შესაბამისად უნდა ამოიღონ იქიდან. მაგალითად, შარშან გამოცდაზე იყო პლაკატი-მოწოდება ლოზუნგებით გაჯერებული – შემოდი კოლმეურნეობაში! ეს გიჩვენებს, რომელი ისტორიული მოვლენაა ასახული. რა თქმა უნდა, ეს არის კოლექტივიზაცია. თვითონ გეუბნება პლაკატი და ეს არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.

რაც შეეხება საფოსტო მარკას, უნდა გაითვალისწინონ, რას ეხება, რა ახატია, რის აღმნიშვნელია. იყო მაგალითად, პოლტავის ბრძოლის 250 წლისთავისადმი მიძღვნილი მარკა, სადაც ეწერა პოლტავის ბრძოლის წელი, ეხატა პეტრე პირველი, ბრძოლის ადგილი… აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომელ სახელმწიფოშია გამოშვებული ის მარკა და რა არის მისი გამოშვების თარიღი. 250 წლის მერე ეს სახელმწიფო იყო საბჭოთა კავშირი. საბჭოთა ფოსტა ეწერა დაბლა და ასევე საბჭოთა ფულის აღმნიშვნელი იყო მითითებული. თუ ამ დავალებაში საფოსტო მარკაა მოცემული, ჯერ გეკითხებიან, რა ტიპის ისტორიული ნახატია და ეუბნები, რომ მარკაა. მერე გეკითხებიან, რას ეძღვნება. თუ საიუბილეოა ვამბობთ, რომ 250-ე წლისთავია. ბოროდინოს ბრძოლის საიუბილეო მარკაც იყო ამ დავალებაში ერთხელ… როცა გეკითხებიან, რომელ სახელმწიფოშია გამოშვებული ეს საფოსტო მარკა, ყურადღებით უნდა იყოს. საბჭოთა რუსეთს თუ დაწერს, რა თქმა უნდა 0 ქულას მიიღებს, რადგან უნდა იყოს საბჭოთა კავშირი. თუ არის გამოცემული მეფის რუსეთში, იქაც უნდა დაწეროს რუსეთის იმპერია და არა საბჭოთა იმპერია. მოკლედ, სიტყვების თამაშს უნდა მივაქციოთ ყურადღება და ზუსტად უნდა დავწეროთ, რომელ სახელმწიფოს ეხება.

რაც შეეხება დროშას, იმ სახელმწიფოს სრული დასახელება უნდა დაიწეროს, რომელი სახელმწიფოსიც ის იქნება. ერთხელ ასეთ დავალებაში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშა იყო მოცემული და სამწუხაროდ, ბევრმა აბიტურიენტმა ვერ გასცა სრული პასუხი და ვერ მიიღო თითო ქულა.

არგუმენტების მოყვანა დავალებაში

აქ ყურადღებას ვაქცევთ სიტუაციური ამოცანის პირობას. პირველ რიგში, უნდა დავუკვირდეთ, რა შინაარსს გვაძლევს ეს ამოცანა და არის თუ არა იქ კონკრეტული წელი მოცემული. მაგალითად, შეიძლება იყოს გეორგიევსკის ტრაქტატის დადების წინა პერიოდი და გვეკითხებოდნენ, დავდოთ თუ არ ეს ტრაქტატი. ერთი არგუმენტი უნდა მოვიყვანოთ იმის მომხრეების, ვინც იტყვის, რომ აუცილებლად უნდა დავდოთ და მეორე მოწინააღმდეგეების – რატომ არ უნდა დავდოთ. ძალიან ხშირად ასეთ პასუხს სცემენ – არ უნდა დავდოთ ეს ტრაქტატი, რადგან მერე რუსეთმა გვიღალატა. ჩვენი თავი უნდა დავაყენოთ მათ ადგილას, ვინც განიხილავს ამ საკითხს. არ შეიძლება ადამიანმა 1782 წელს იცოდეს ადამიანმა, რა მოხდება 1789 წელს. ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დრო იყოს ძალიან სწორად გამოყენებული პრობლემის ანალიზში.

არგუმენტი არ არის ის თუ დაწერენ, უნდა დავდოთ ხელშეკრულება იმიტომ, რომ ასეა საჭირო. თუ არგუმენტი კიდევ ერთხელ გამოიწვევს ნაშრომის გამსწორებელში კითხვას და ეს კითხვა იქნება „რატომ?“, ესე იგი ის არგუმენტი სრულად არ არის მოტანილი და ქულას ვერ მიიღებს გამოსაცდელი. არგუმენტი, რომელსაც მოიყვანს, უნდა იყოს ისეთი ლოგიკური პასუხი, რომელიც შემდგომში, შემხვედრ კითხვას, აღარ გამოიწვევს.

ისტორიული მოვლენის შეფასება და ანალიზი

ამ დავალებაში ისტორიული მოვლენის მნიშვნელოვანი ერთ-ერთი შედეგი უნდა ავიღოთ. მერე ამ შედეგის მნიშვნელობა უნდა გავიაზროთ. თავიდან ცოტა ჩახლართულად ჟღერს, მაგრამ მთავარია, გამოვაცალკევოთ ეს ყველაფერი. მაგალითად, ისტორიული მოვლენის, მონღოლთა დაპყრობების ერთ-ერთი შედეგი თუ უნდა ავიღოთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მონღოლთა დაპყრობებს ძალიან ბევრი შედეგი აქვს და ეს შედეგი შეიძლება იყოს რუსეთის დაპყრობა, შეიძლება იყოს ევროპაში შეჭრა, შეიძლება იყოს ამიერკავკასიაში შემოსვლა და ა. შ. მაგალითად, აბიტურიენტმა დაასახელა ის შედეგი, როდესაც რუსეთი მოექცა ოქროს ურდოს ქვეშ. უნდა უპასუხოს, რა მნიშვნელობა იქონია იმ სახელმწიფოს ბედზე, რომელიც მოექცა ოქროს ურდოს შემადგენლობაში. თუ გამოსაცდელმა იცის ფაქტობრივი მასალა, ის აუცილებლად დაწერს, რომ როგორც სოციალური, ისე კულტურული თვალსაზრისით რუსეთი ძალიან დაზარალდა, თითქმის 300 წლიანმა ოქროს ურდოს ბატონობამ დიდი კვალი დაამჩნია, მათ შეეცვალათ ცხოვრების წესი, ქალების ჩაკეტილობა მაგ დროიდან მოდის და ა. შ. აბიტურიენტმა მთავარია, სწორად გაიგოს, რას ეკითხებიან და გამოყოს ჯერ ისტორიული პროცესი, მერე ამ პროცესის ერთერთი შედეგი და ამ ერთი შედეგის მნიშვნელობაზე ისაუბროს, თუ რა კვალი დატოვა ამ შედეგმა ისტორიაში.

ჩვენი რესპონდენტი აბიტურიენტების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვასაც ეხმაურება წლების დამახსოვრების აუცილებლობაზე. ისტორიკოსის აზრით, მნიშნელოვანი მოვლენების დროისა და წლების დამახსოვრება ისეთივე აუცილებელი და მნიშვნელოვანია, როგორც ძირითადი ისტორიული მოვლენებისა. ნინო გუნცაძის თქმით, ეს ფაქტობრივი ცოდნა ბევრ კითხვაზე იძლევა პასუხის გაცემის შესაძლებლობას და წინააღმდეგ შემთხვევაში, აბიტურიენტს გაუჭირდება სხვადასხვა დავალებების გააზრება და შესრულება.

ასევე იხილეთ:

ვიქექოთ თუ არა წიგნებში გამოცდების წინ – ისტორიის მასწავლებელი აბიტურიენტების თავსატეხებზე

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური