GE

„თუ რუკა იცი დაწერა არ უნდა გაგიჭირდეს“ – აბიტურიენტების შეფასებები გეოგრაფიის გამოცდის შემდეგ

დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები შემდეგ არჩევით საგანს – გეოგრაფიას აბარებენ, რომელსაც აპლიკანტები პირველ და მეორე სესიაზე დაწერენ.

173-ე საგამოცდო ცენტრიდან პირველმა გაგმომსვლელმა, რომელიც დაახლოებით ერთ საათში გამოვიდა, EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ გამოცდა მარტივი იყო და თუკი რუკა იცი დაწერა არ უნდა გაგიჭირდეს.

“ძალიან მარტივი დავალებები იყო. 45 წუთი დამჭირდა. კითხვები იყო ავსტრალიაზე, ტოპოგრაფიულიდან მდინარის მიმართულებას გეკითხებოდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში ნიშანი ვერ ვიპოვნე, რომელიც მიმართულებას განსაზღვრავდა, რა გითხრათ, რთული ნამდვილად არ იყო”, – გვითხრა 173-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა პირველმა აბიტურიენტმა.

გეოგრაფიის გამოცდას კიდევ ერთი აპლიკანტი აფასებს მარტივად და ამბობს, რომ  33 კითხვა იყო, რომელზე პასუხი რუკის საშუალებით შეგეძლო გაგეცა.

“ავსტრალიაზე იყო კითხვები, მაგალითად გეკითხებოდნენ მდინარე მურეი, რომელ შტატში იყო და ეს უნდა გენახა მსოფლიო რუკაზე, ტოპოგრაფიული სულ 4 დავალება იყო და ამაზე პასუხების გაცემა არ გაცემა გადამწყვეტ მნიშვნელობას არ წარმოადგენდა. 33 კითხვა იყო, რომელზე პასუხი რუკის საშუალებით შეგეძლო გაგეცა. ასევე, კითხვები იყო მოსახლეობის სიმჭიდროვეზე, რაოდენობაზე, სამცხე ჯავახეთის მოსახლეობის სიმჭიდროვე უნდა გამოგეთვალა. გეკითხებოდნენ მასშტაბსაც, გამოთვლა უნდა იცოდე. რთული ნამდვილად არ იყო”,- გვითხრა აპლიკანტმა.

გამოცდიდან გამოსულმა ერთმა აპლიკანტმა გვითხრა, რომ საკითხები გრძედზე და განედზე გარტყმით დაწერა, თუმცა ქრონოლოგია ტემპერატურის შესახებ მარტივი იყო.

“ტექსტის გააზრება იყო სამცხე-ჯავახეთზე. სქემა იყო ადამიანების სიმჭიდროვე საქართველოში და ყველაზე მჭიდროდ რომელია დასახლებულიო. რუკები უადვილესი იყო. რაღაც გრძედი და განედი იყო, ეგ არ ვიცოდი და გარტყმით დავწერე. ერთი კითხვა იყო იუდაზე, რომელი სცემს თაყვანსო და ფოტოები იყო ოთხი რელიგიის, ქრისტიანობის, ბუდიზმის, ისლამის და ებრაელის ფოტო. ქრონოლოგია იყო ანუ ცხრილი იყო მოცემული და ეწერა ტემპერატურები და მოცემული თანმიმდევრობიდან რომელიშია მოცემული ზრდადობაო ანუ დალაგებული ზრდის მიხედვითო ადვილი იყო”, – გვითხრა ერთ-ერთმა აპლიკანტმა.

გეოგრაფიის გამოცდაზე მოსული დავალებები კიდევ ერთმა აბიტურიენტმა გაიხსენა.

“კითხვები მაგალითად, უნდა გამოგეთვალა ზღვის დონიდან წნევა რამდენ მეტრზე იკლებს, ასევე გრძედზე და განედზე იყო შეკითხვები, რომელ რუკაზე უფრო მარტივია ქვეყნების ნახვა, რომელსაც დიდი მასშტაბი აქვს თუ რომელსაც მცირე, რომელს აქვს ყველაზე მაღალი ტემპერატურაო და ბირთვი იყო სწორი პასუხი. ასევე მოცემული იყო ქვეყნები, კუნძულები და რუკაზე უნდა გეპოვნა სად იყო, მეტი არაფერი მახსენდება ახლა. საერთო ჯამში არ გამჭირვებია, ნორმალური დავალებები იყო, რთული ნამდვილად არა”,- გვითხრა ვახომ.

შეგახსენებთ, რომ წელს გეგრაფიის გამოცდაზე 12 500 აბიტურიენტია რეგისტრირებული, ხოლო ამ საგნით ჩარიცხულთათვის მხოლოდ 7 100 ადგილია გამოყოფილი.

გამოცდები 2018

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური