GE

„თუ სკოლა ავტორიზაციას გაივლის, შეიძლება, სკოლა ერქვას“ – ჩხენკელის ახალი მოადგილე სკოლების „ჯანმრთელობას“ შეამოწმებს

„ზუსტად უნდა დავინახოთ, რა უჭირს სკოლას, მისი ორგანიზმი ვნახოთ, რამდენად ჯანმრთელია და თუ არ არის ჯანმრთელი, კი არ დავხუროთ, დავეხმაროთ, გავაუმჯობესოთ“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციაზე საუბრისას.

როგორც ცნობილია, თამარ მახარაშვილი მინისტრის მოადგილეობასთან ერთად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასაც ითავსებს. სკოლებმა კი ავტორიზაცია სწორედ მისი უწყების პატრონაჟით უნდა გაიარონ და 2026-2027 სასწავლო წლისთვის, მთელს ქვეყანაში ავტორიზაციაგავლილი სკოლები უნდა გვქონდეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან გაცხადებულია, რომ საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი ზოგადი განათლების სფეროში დაწყებული რეფორმის ნაწილია და მიზნად ისახავს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.

როგორც თამარ მახარაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში თქვა, აქამდე ავტორიზაციას გადიოდნენ კერძო სკოლები, საჯარო სკოლა კი ისედაც ავტორიზებულად ითვლებოდა. ახლა კი დრო მოვიდა, შეფასდეს, აკმაყოფილებს თუ არა საჯარო სკოლა იმ სტანდარტებს, რომლითაც მან უნდა გაიაროს ავტორიზაცია.

განმავითარებელ შეფასებაზე გადავდივართ. ავტორიზებულად ჩათვლილია, მაგრამ რეალურად უნდა მოვახერხოთ ამ სკოლების ავტორიზაცია განმავითარებელი სტანდარტებით და შეფასებებით და დავიდოთ ხელის გულზე, რომელ სკოლას რა სჭირს რომელ სტანდარტში და დაიწყოს დახმარება ამ სკოლების“, – ამბობს მახარაშვილი, რომლის აზრით, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამხელა რეფორმა, რომელიც განათლების ხარისხს და ხელმისაწვდომობას ემსახურება, მოკოლევადიანი ამბავი არ არის.

ზოგადი განათლების სფეროში დაწყებულ რეფორმაში გაწერილია, რომ 2026-2027 სასწავლო წლამდე, 2086 სკოლა უნდ იყოს ავტორიზებული. მინისტრის მოადგილე კი თვლის, რომ თუ სკოლა ავტორიზაციას გაივლის, ესე იგი, მინიმუმს აკმაყოფილებს და შეიძლება სკოლა ერქვას.

„ამხელა რეფორმის დაწყება პირველად ხდება და ის, რომ ჩვენ სირაქლემას პოზა არ გვიჭირავს, თვალებში ვუყურებთ ამ პრობლემებს და ვიწყებთ, ვთვლი, რომ მისასალმებელია“, – მიიჩნევს თამარ მახარაშვილი.

ასევე იხილეთ: 

„უკლებლივ ყველა სკოლა ავტორიზაციას 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე გაივლის“ – მინისტრი

რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ სკოლებს, როგორია ავტორიზაციის ახალი სტანდარტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური