GE

„თუ ტესტს ისევ ვერ დავძლევ, თავად წავალ პროფესიიდან“ – მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდა დასრულდა

პრაქტიკოს მასწავლებელთა ბოლო ნაკადმა პროფესიული უნარების ტესტზე მუშაობა 16 ივლისს დაასრულა. EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი გამოსაცდელი ამბობს, რომ „თუ ტესტს ისევ ვერ დაძლევს, თავად წავა პროფესიიდან“.

„48 წლის ვარ, მეორედ გამოვედი გამოცდაზე. გვეუბნებიან ეს ბოლო შანსიაო, მაგრამ კიდევ რომ შეცვალონ პოზიცია ჩემთვის მაინც ბოლო იქნება, რადგან აღარ მყოფნის ენერგია. უკვე ვხვდები რომ ვეღარც კარგი მასწავლებელი ვარ, ამ თაობასთან მუშაობა სხვა ცოდნას და უნარ-ჩვევებს მოითხოვს, ალბათ, არ მაქვს ეს უნარები და ვისაც აქვს მან ასწავლოს“, – ამბობს მასწავლებელი.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, თუ პრაქტიკოსი მასწავლებლები ტესტის 60-პროცენტიან ზღვარს ისევ ვერ გადალახავენ, მათ სკოლის დატოვება მოუწევთ.

მასწავლების გამოცდები 20 ივლისიდან საგნიის გამოცდებით განახლდება.

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელია შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, საზოგადოებრივი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, უცხოური ენები, ესთეტიკური აღზრდა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. პრაქტიკოს მასწავლებლებს ასევე აქვთ საშუალება კომპეტენცია დაადასტურონ პროფესიულ უნარებში.

წელს პირველად ტარდება უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და მის ჩასაბარებლად 2 800-მდე მსურველი დარეგისტრირდა.

ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტარდება რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც იმ პირებისათვის, რომლებიც ასწავლიან ან სურთ ასწავლონ არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური