GE

„თუ თქვენს შვილს მოსწავლის რვეული და წიგნი ისევ არ მიუღია, არ იყიდოთ, კატეგორიულად მოსთხოვეთ სკოლას!“ – სამინისტროს პოზიცია

EDU.ARIS.GE-ს უკავშირდებიან დედაქალაქის თუ რეგიონის სხვადახვა სკოლის მოსწავლეების მშობლები. ისინი ამბობენ, რომ 2019-2020 სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, გარკვეულ საგნებში ამ დრომდე არ აქვთ მიღებული მოსწავლის რვეულები და მისი შეძენა უწევთ.

„მოსწავლის რვეულები ვერ მიიღო სკოლამ და იყიდეთო მასწავლებელმა, ვიყიდი არ მაქვს პრობლემა, მაგრამ სხვაგანაც ასე ხდება? 25 ბავშვია კლასში და 23 რვეული მივიღეთო. კი ჩვენ გვიან გადავედით, მაგრამ არც ძველ სკოლაში მოუციათ რვეულები“, –  გვწერს ერთ-ერთი მშობელი ქუთაისიდან.

„არც ერთი წელი არ ყოფილა ორი მაინც რომ არ გვეყიდა სახელმძღვანელო ან მოსწავლის რვეული“, – ამბობს კიდევ ერთი მშობელი თბილისიდან.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ მშობლებმა საჯარო სკოლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და რვეულები არ უნდა იყიდონ და კატეგორიულად მოსთხოვონ სკოლებს სახელმძღვანელოების გადაცემის პროცესის დაჩქარება.

„მექანიზმი არის ასეთი, საქართველოში არის 2085 სკოლა, სანამ სასწავლო წელი დაიწყება დირექტორები ითვლიან თავიანთ მოსწავლეებს და აწოდებენ ინფორმაციას საგანმანათლებლო რესურსცენტრს თუ რამდენი წიგნი და რვეული სჭირდებათ. ამ მონაცემების გაგზავნის შემდეგ სკოლებში თუ მოხდა მობილობა, მაგალითად მიიღეს ან გამოაკლდათ მოსწავლეები, შესაძლებელია სკოლას გაუჩნდეს დანაკლისი, თუმცა ამ შემთხვევაშიც დირექტორი აცნობებს რესურსცენტრს რომ კიდევ სჭირდება ამდენი სახელმძღვანელო და ამდენი რვეული და შევსებას მიიღებს ინფრასტრუქტურის სააგენტოსგან. ეს ყველაფერი მოსწავლეებისთვის არის უფასო, მშობლებმა კატეგორიულად მოსთხოვონ სკოლას, რომ დააჩქარონ ეს პროცესი”, – აცხადებენ სამინისტროში.

სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენის და დარიგების პროცესს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტრის განვითარების სააგენტო ახორციელებს. 2019-20 სასწავლო წლისთვის სააგენტოს მიერ ჯამში შესყიდულ იქნა 4 060 910 წიგნი და რვეული, საერთო ღირებულებით 20 078 540.73 ლარი.

„მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა” 2013 წლიდან  ხორციელდება და მისი მიზანი სრული ზოგადი განათლების და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ინფორმაციით, მოსწავლის რვეულების დარიგების პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს, დედაქალაქში დასრულებულია, რეგიონებში კი ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება. კითხვების არსებობის შემთხვევაში მშობლები განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ცხელ ხაზს უნდა დაუკავშირდნენ.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური