„უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში „ბრიტანული უნივერსიტეტი“ რეგიონული მასშტაბის ბრენდი გახდება“
„ჩვენი უნივერსიტეტის მიზანია გავხდეთ თანამედროვე პლატფორმა მომავლის ლიდერების აღსაზრდელად და საზოგადოების ტრანსფორმაციაში წვლილის შესატანად. გვჯერა, რომ კაცობრიობას მომავალზე ორიენტირებული, ლიდერის თვისებების მქონე ახალი თაობა სჭირდება“, – ეს იმ უნივერსიტეტის მისიაა, რომელიც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ინოვაციური იდეებითა და ამბიციური გეგმით შემოვიდა – ახალგაზრდებს, საკუთარ ქვეყანაში, ბრიტანული განათლება მისცეს.
ბრიტანეთის ერთ-ერთ წამყვან აკადემიურ ცენტრთან, ბუკინგემის უნივერსიტეტთან ერთად დაარსებული „ბრიტანული უნივერსიტეტი“, საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ბრიტანულ პროგრამებსა და საერთაშორისო დონის დიპლომს სთავაზობს. მთავარი მიზანი კი პრაქტიკული უნარი-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნაა, რომელიც ახალგზრდებისთვის არაერთი შესაძლებლობის გაჩენას უზრუნველყოფს.
„ბრიტანული უნივერსიტეტის“ პირველ ნაბიჯებზე, კოვიდრეგულაციების ფონზე აღებულ სტარტსა და სამომავლო გეგმებზე EDU.ARIS.GE „ბრიტანული უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორს ლაშა მარკოზაშვილს ესაუბრა. ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანი არა ბევრი სტუდენტის მიღება, არამედ იმგვარი ღირებულების დიპლომს გაცემაა, რომელიც დამსაქმებლებისთვის აღიარებული ხარისხის ნიშანი გახდება.
ლაშა მარკოზაშვილი: გვინდოდა აკადემიური წელი უფრო პომპეზურად, დიდი გახსნის ცერემონიალით დაგვეწყო, თუმცა ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ამის საშუალებას არ იძლევა. ჩვენ უკვე მივიღეთ სტუდენტები როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე, უნივერსიტეტი სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ სწავლა ნებისმიერი ფორმატით განახორციელოს. რაც მთავარია, გეგმებს, რომლებიც ავტორიზაციამდე დავსახეთ, ზედმიწევნით ზუსტად მივყვებით. ჩვენი სტუდენტები უკვე პირველი სასწავლო დღიდან იგრძნობენ თავს დიდი აკადემიური ოჯახის ნაწილად და გააცნობიერებენ რამხელა მნიშვნელობა აქვს ისეთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ყოფნას, რომელიც მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული.
რა არის ის განმასხვავებელი ნიშანი, რაც სხვა უნივერსიტეტებისგან გამოგარჩევთ და რამაც, თქვენი აზრით, ახალგაზრდებს „ბრიტანული უნივერსიტეტის“ არჩევისკენ უნდა უბიძგოს?
პირველ რიგში ეს არის ბრიტანული პროგრამები. ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში უცხოურ სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის არაერთი საინტერესო მოდელი არსებობს, თუმცა, ბუკინგემის უნივერსიტეტისა და ჩვენი საერთო პროექტი ყველასგან სრულიად გამორჩეულია. გვაქვს ორი საბაკალავრო პროგრამა – ბიზნესი და მენეჯმენტი და პოლიტიკის მეცნიერება. პროგრამები ვალიდაციას ბრიტანეთში გადის, მარტივად რომ აგიხსნათ, ამ მექანიზმით ბუკინგემის უნივერსიტეტი სწავლების ხარისხს სრულად აკონტროლებს. დაწყებული აკადემიური პერსონალის შერჩევით, დასრულებული სასწავლო კურსებით. ჩვენი ბრიტანელი კოლეგები საუკეთესო შედეგების მიღწევაში გვეხმარებიან. თანამშრომლობის დონის საილუსტრაციოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ყველა ის საკურსო შეფასება, რომელიც 25 ქულას აღემატება, ადგილობრივი პროფესორის შემდეგ, ბუკინგემის გარე შემფასებლის მიერ მოწმდება და შესაბამის ბაზაში მხოლოდ ამ პროცედურის შემდეგ რეგისტრირდება. ამ გზით, ჩვენ მაქსიმალურად ვამცირებთ სუბიექტურობით, ან რაიმე სხვა მიზეზით განპირობებულ რისკებს და სტუდენტისთვის გასაგებ, კონკურენტულ გარემოს ვქმნით.
გარდა ამისა, პირველად დავნერგეთ ე.წ „ტუტორიალის“ სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ საკლასო ოთახში ერთად თავს, მაქსიმუმ, 10 სტუდენტი მოიყრის. ეს მოდელი სასწავლო პროცესში ლექტორსა და მსმენელს შორის ინტერაქციის სიხშირეს ზრდის და ჩართული სტუდენტის ინდივიდუალური მისწრაფებების გამოვლენის საუკეთესო გზაა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სტუდენტს, მათი ინტერესების შესაბამისად, ინდივიდუალური ტუტორი ეყოლება, რომელიც დაეხმარება, როგორც აკადემიური, ისე კარიერული გადაწყვეტილებების მიღებაში.
მთელი ამ პროცესის ბოლოს, ბუკინგემელი კოლეგების მიერ, ქართული კვალიფიკაცია ბრიტანულის „თანასწორად“ იქნება აღიარებული და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა. ამ დოკუმენტით ჩვენს კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება იმავე პოზიციებზე დასაქმდეს, რომლებზეც ბუკინგემის უნივერისტეტის ანალოგიური პროგრამების კურსდამთავრებულები საქმდებიან. აქვე დავძენ, რომ ყველა ის სტუდენტი, რომელიც „ბრიტანული უნივერსიტეტის“ პირველ კურსს წარმატებით დაამთავრებს, ბუკინგემის უნივერსიტეტისგან, ავტომატურად მიიღებს ე.წ „ფაუნდეიშენის“ პროგრამის სერთიფიკატს, რაც მომავალში ბრიტანულ სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
ვინ არიან თქვენი პარტნიორები და რას აძლევს უნივერსიტეტს მათთან თანამშრომლობა?
გარდა ბუკინგემის უნივერსიტეტისა, რომელზეც ბევრი ვისაუბრე, საუნივერსიტეტო დონეზე ჩვენი პარტნიორი იაპონური „მეისეის უნივერსიტეტია“. აღსანიშნავია, რომ იაპონელ კოლეგებთან ერთად, 2021 წელს დავიწყეთ და მომავალშიც გავაგრძელებთ ინოვაციურ, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების პროექტს, რომლის ფარგლებშიც ქართველი და იაპონელი სტუდენტები ტოკიოს რესტორნების ქსელისთვის მარკეტინგულ გეგმას ამზადებენ. აღნიშნული პროექტი, გარდა სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარების მიცემისა, იაპონურ ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. აგვისტოში, ჩვენი სტუდენტების ძალისხმევით, პროდუქციის პირველი ნაკადი რესტორნების ქსელში განსათავსებელად უკვე გაიგზავნა.
რომელ პროგრამებზე მიმდინარეობს მიღება ამ ეტაპისთვის ბრიტანულ უნივერსიტეტში და გეგმავთ თუ არა მათ გამრავალფეროვნებას?
როგორც გითხარით, დღეს ბუკინგემის უნივერსიტეტის ვალიდაციით ორ პროგრამას ვახორციელებთ. ესენია: პოლიტიკის მეცნიერება და ბიზნესი და მენეჯმენტი. გარდა ამისა, გვაქვს ბრიტანული კვლევების სამაგისტრო პროგრამა. ყველა პროგრამა პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზეა ორიენტირებული და აუცილებლად გულისხმობს სტუდენტთა სტაჟირებას პარტნიორ ორგანიზაციებში.
მსურს აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით, აქტიური მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა უნივერსიტეტთან, ისევე როგორც ავტორიტეტულ საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებთან. უკვე მიმდინარე წლიდან, უნივერსიტეტის ბაზაზე გვექნება საერთაშორისოდ აღიარებული სასერტიფიკატო კურსები, ხოლო 2022 წლის სექტემბრიდან სტუდენტებს ახალ სამაგისტრო პროგრამებს შევთავაზებთ.
გაგვაცანით უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. რა მიღწევები აქვთ მათ თავიანთ სფეროში და რამდენად დიდი ადგილი უკავია მათი სწავლების მეთოდიკაში პრაქტიკულ კომპონენტს?
ჩვენ აკადემიური პერსონალის შერჩევის კონკრეტული ხედვა გვქონდა. მიგვაჩნია, რომ კარგი საგანმანათლებლო პროგრამა პრაქტიკისა და თეორიის ნაზავი უნდა იყოს. თუ ჩვენი უნივერსიტეტის პერსონალის პროფილებს გადახედავთ, ნახავთ, რომ ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა აკადემიური ცხოვრება დასავლურ უნივერსიტეტებში დაიწყო, შემდგომ დაბრუნდა და პრაქტიკული პროფესიული საქმიანობა თავის ქვეყანაში განაგრძო. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს გვყავს ლექტორთა საუკეთესო შემადგენლობა, რომლებიც საერთაშორისო დონეზე არიან კონკურენტულები.
ვიცით, რომ უნივერსიტეტში მოქმედებს ფონდი, რომელიც სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭრას უზრუნველყოფს. გვიამბეთ მის შესახებ.
საუნივერსიტეტო ფონდი ვაჟა ფშაველას სახელობისაა. ალბათ ყველა ჩვენგანს გვახსოვს ამბავი, თუ როგორ ვერ შეძლო მსოფლიო მასშტაბის მოაზროვნემ სწავლის დასრულება ფინანსური პრობლემების გამო. მიგვაჩნია, რომ განათლების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ყველას, ვისაც ამის დიდი სურვილი აქვს. შემოსულ განაცხადებს ინდივიდუალურად განვიხილავთ და გადაწყვეტილებებს სტუდენტების უნარების, საჭიროებებისა და მოტივაციის მიხედვით ვიღებთ. გარდა ამისა, უნივერსიტეტის მიერ აღებული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განსაკუთრებული შეთავაზებები გვექნება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები და დევნილი ახალგაზრდებისთვის.
როგორია თქვენი ახლო და შედარებით გრძელვადიანი სამომავლო გეგმები? როგორ წარმოგიდგენიათ უნივერსიტეტის გაზრდა და განვითარება და რა სამუშაოს ატარებთ საამისოდ?
განვლილმა წელმა გვაჩვენა, რომ მომავალში მხოლოდ ის ორგანიზაციები იქნებიან კონკურენტუნარიანები, ვისაც გარემოსთან ადაპტაციის უნარი აქვთ. ჩვენ მოკლევადიან პერსპექტივაში სწორედ ამ მედეგობის გამომუშავება გვსურს.
უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში „ბრიტანული უნივერსიტეტი“ რეგიონული მასშტაბის ბრენდი გახდება. ამ მიზნის მიღწევისთვის შესაბამისი კამპანია უკვე დაგეგმილი გვაქვს. უკვე წელს, ჩვენს შესახებ ეცოდინება ყველას, ვინც კარიერის დაგეგმვის საუკეთესო შესაძლებლობების ძიებაშია. მიზანი არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება ბევრი სტუდენტის მიღება, გვსურს რომ ჩვენი დიპლომი, დამსაქმებლებისთვის, აღიარებული ხარისხის ნიშანი გახდეს.
(R)