GE

უჭერს თუ არა მხარს განათლების მინისტრი უმაღლესების ნაწილისთვის ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივებას?

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო ცვლილება განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც, იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთაც ავტორიზაციის ვადა 2018-2019 წლებში გასდით ან გაუვიდათ, და რომელთა მიმართაც ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია. იმ შემთხვევაში, თუ ეს სასწავლებლები მიმართავენ წერილობით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ავტორიზებულად ჩაითვლებიან ავტორიზაციის ვადის გასვლის დღიდან 2020 წლის პირველ იანვრამდე, იმ შემთხვევაში, თუ კანონი დამტკიცდება. კანონში ცვლილების ინიციატორი მარიამ ჯაში და მისი კომიტეტის სხვა წევრები არიან უმრავლესობიდან.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე კი, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მინისტრი მხარს უჭერს ცვლილების განხორციელების საკითხს.

„უმაღლესი განათლების ხარისხის ასამაღლებლად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მუშაობა გრძელდება. ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა და არსებულ გამოწვევებზე, ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესების დახვეწაზე იმსჯელა.

როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, უნივერსიტეტების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესი გრძელდება და უკვე აკრედიტებული ან აკრედიტაციის პროცესში მყოფი უნივერსიტეტები შედეგს დადგენილ ვადებში მიიღებენ. ავტორიზაციის პროცესის კორექტირება გამოწვეულია განვლილი პროცესისა და მიმდინარე ავტორიზაციის პირობებში გამოვლენილი ხარვეზებით. რეფორმირების პროცესში, გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციასა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად მოხდეს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრირება.

უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, გონივრული ვადის მიცემის საკითხს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უმაღლესი განათლების ექსპერტების, რექტორთა საბჭოს, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განიხილავს. მინისტრი მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად არსებული პროცედურები მხოლოდ სადამსჯელო ხასიათს არ უნდა ატარებდეს. პირიქით, სამინისტროს მხრიდან უნდა იყოს მხარდაჭერა იმისთვის, რომ ხარისხის ასამაღლებლად უნივერსიტეტებმა ხარვეზები გამოასწორონ. შესაბამისად, სამინისტრო მათ პროცესების შეფასებასა და სამომავლოდ, სწორად ჩამოყალიბებაში დაეხმარება“, –ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ხარისხის განვითარების ცენტრმა EDU.ARIS.GE-ს მიაწოდა იმ უმაღლესების ჩამონათვალი, რომელთაც ავტორიზაციის ვადა სწორედ 2018-2019 წლებში გასდით ან უკვე გაუვიდათ.

1.       შპს ევრორეგიონალური სასწავლო უნივერსიტეტი 17.09.2018

2.       სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 17.09.2018

3.       სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 17.09.2018

4.       სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 17.09.2018

5.       შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 03.09.2018

6.       სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 17.09.2018

7.       შპს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი 10.09.2018

8.       სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია  17.09.2018

9.       შპს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი 10.09.2018

10.   სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 17.09.2018

11.   სსიპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 17.09.2018

12.   შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 17.09.2018

13.   შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი 17.09.2018

14.   შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 17.09.2018

15.   სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 24.09.2018

16.   შპს ქუთაისის უნივერსიტეტი 24.09.2018

17.   შპს ექვთიმე თაყაიშვილის სხაელობის სასწავლო უნივერსიტეტი 24.09.2018

18.   სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 01.10.2018

19.   სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 02.10.2018

20.   შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია 02.10.2018.

21.   სსიპ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 08.10.2018

22.   შპს საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი 23.10.2018

23.   სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 06.11.2018

24.   შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 19.11.2018

25.   შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია 22.11.2018

26.   ა(ა)იპ – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი 22.11.2018

27.    შპს თბილისის ღია სასწავლო 03.12.2018

28.   სსიპ – სოხუმის სახელმწიფო 10.01.2019

29.   შპს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი 15.02.2019

30.   ა(ა)იპ – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 26.03.2019

31.   შპს ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი 01.08.2019

32.   შპს უმაღლესი სასწავლებელი განათლების აკადემია 01.08.2019

33.   ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 26.08.2019

34.   შპს ახალი უმაღლესი სასწავლებელი 10.10.2019

35.   ა(ა)იპ – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი 10.10.2019

36.   შპს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი 24.11.2019

37.   შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი 03.12.2019

38.   შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA 12.12.2019

39.   ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი 31.12.2019

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური