GE

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის პროგრამა დამტკიცდა

2019-2020 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოცულობა ბრძანების მიხედვით განისაზღვრა და ის 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარს შეადგენს.

დოკუმენტის თანახმად, გრანტის გაიცემა შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებზე.

ბრძანების საფუძველზე ასევე განისაზღვრა, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელზეც გრანტი უნდა გაიცეს და როგორია დაფინანსების პრინციპი:

მუხლი 1. პროგრამის დაფინანსება

1. 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა შეადგენს 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარს.

2. 2019-2020 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელმაც ჩააბარა 2019 წლის ერთიანი, ეროვნული გამოცდები, ხოლო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი იმ შემთხვევაში მიიღებს დაფინანსებას, თუ გამოცდებზე დარეგისტრირდა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან 2019 წლის 1 აგვისტომდე განაცხადა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა სურს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

მუხლი 2. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების უფლების მქონე სტუდენტი

1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

2. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა პროგრამის ფარგლებში შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება, თუ იგი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირდა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან 2019 წლის პირველ აგვისტომდე განაცხადა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბრძანების თანახმად, დაფინანსება გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების პრინციპით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდის შედეგების მიხედვით.
გასათვალისწინებელია, რომ დაფინანსება არ გაიცემა თუ სტუდენტებმა თანაბარი აბსოლუტური ქულა მოიპოვეს და გრანტისთვის გამოყოფილი თანხა არ არის საკმარისი ყველა მათგანის დასაფინანსებლად.

მუხლი 3. დაფინანსების პრინციპი

1. პროგრამის ფარგლებში ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სტუდენტები სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით“ გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდების შედეგების მიხედვით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად საჭირო თანხის ოდენობა აღემატება ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობას, დაფინანსება გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის საფუძველზე.

3. თუ ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულმა სტუდენტებმა თანაბარი აბსოლუტური ქულა მოიპოვეს და ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა არ არის საკმარისი ყველა მათგანის დასაფინანსებლად, დაფინანსება არ გაიცემა.

ბრძანებით ასევე განისაზღვრა პროგრამის ფარგლებში დარჩენილი თანხის გადანაწილების პრინციპი:

მუხლი 4. დარჩენილი თანხის გადანაწილება

1. თუ ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა პროგრამის ფარგლებში შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება, თუ იგი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირდა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან 2018 წლის პირველ აგვისტომდე განაცხადა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. თუ ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დანართის მე-2 მუხლით და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც განეკუთვნებიან „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 აგვისტოს №401 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიას და აღნიშნული დადგენილების ფარგლებში ვერ მოიპოვეს დაფინანსება.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება გადანაწილდება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 აგვისტოს №401 დადგენილების შესაბამისად.

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართულ ენაზე თარგმნილ და ნოტარიულად დამოწმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს განცხადებასთან ერთად წარადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2019 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით, გადაწყვეტილებას კი დაფინანსების მინიჭების შესახებ საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრი მიიღებს.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური