GE

უცხოეთში უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოს მოქალაქეების სწავლებას პრეზიდენტი დააფინანსებს

ფოტო –
3901

საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 მარტის N201 ბრძანებულების შესაბამისად, უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული, სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფინანსების მიმღები საქართველოს მოქალაქეების შერჩევის მიზნით ცხადდება კონკურსი ა/წ პირველი აპრილიდან 31 ივლისის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს, რომლის ასაკი არ აღემატება 40 წელს და რომელიც მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით ჩაირიცხა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვისა და შეფასების შემდეგ, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხორციელდეს კანდიდატის მოწვევა-გასაუბრების მიზნით. თუ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 15 დღის ვადაში განმცხადებელი არ იქნება მოწვეული გასაუბრებაზე, აღნიშნული ჩაითვლება უარად კანდიდატის დაფინანსების თაობაზე.

საკონკურსო კომისია უფლებამოსილია ქვემოთ მითითებული დოკუმენტაციის გარდა, გასაუბრებაზე მოწვეულ განმცხადებელს მოსთხოვს მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი ან/და საკონკურსო კომისიის მიერ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტების წარმოდგენა
დაფინანსების მიმღები კანდიდატის გამოვლენას და მის მიერ მისაღები დაფინანსების ოდენობის განსაზღვრას პერიოდულად ახდენს საკონკურსო კომისია განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვისა და შეფასების და გასაუბრების შემდეგ.

შერჩეული პირი ვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესაბამისი სასწავლო წლის/წლების დასრულებისთანავე წარადგინოს შესაბამის პერიოდში უცხო ქვეყნის უმაღლეს სა¬განმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

აღნიშნული დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში შერჩეული პირი ვალდებული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნოს შესაბამისი ოდენობის თანხა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტებია:
• განცხადება (მოთხოვნილი თანხის ოდენობისა და დანიშნულების მითითებით);
• Curriculum Vitae (რეკომენდატორების რეკვიზიტების მითითებით);
• პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
• უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის, აგრეთვე სწავლის საფასურის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• მოტივაციის წერილი;
• უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან სხვა შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული (გავრცელებული) ცნობა (ინფორმაცია) სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების (საცხოვრებელი ფართობის ქირავნობის, კვების, საჭიროების შემთხვევაში – მგზავრობის) მიახლოებითი გაანგარიშების შესახებ.

განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება წარმოებს მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 10 ივლისის ჩათვლით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართი: ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქუჩა N1.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურს.

ტელ: 2 282658
ელ-ფოსტა: dikhaminjia@president.gov.ge

წყარო: http://president.gov.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური