GE

უფასო მოსამზადებელი ცენტრები წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 100 აბიტურიენტისთვის გაიხსნება

თბილისსა და ზუგდიდში, ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებლებისთვის, უფასო მოსამზადებელი ცენტრები იხსნება, სადაც მსურველი აბიტურიენტები სხვადასხვა სასურველ საგნებში მომზადებას შეძლებენ. როგორც EDU.ARIS.GE-ს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განუცხადეს, წელს პროექტის საპილოტე ვერსია განხორციელდება და პირველ ეტაპზე 100 მსურველს მოემსახურებიან.

„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში უკვე ბევრი მსურველია. მომდევნო აკადემიური წლიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის სრულიად ახალი შესაძლებლობა იქმნება. უგამოცდო და უფასო მოსამზადებელი ცენტრი უზრუნველყოფს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ხარისხიან განათლებასა და მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის არ ქონის გამო, ვერ ახერხებენ მომზადებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ თავიანთ მიზნებსა და ოცნებებს მიაღწიონ. ჯერჯერობით ასეთი უგამოცდო ცენტრების გახსნა განიხილება თბილისსა და ზუგდიდში, რომელიც გეოგრაფიულად ყველაზე მოთხოვნადია“, – განაცხადა მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსნებთ, მთავრობამ გასულ წელს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ, ოს და აფხაზ აბიტურიენტებს მოსამზადებელ ცენტრებში უფასოდ სწავლა, ცხოვრება და შემდეგ გამარტივებული წესით უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება შესთავაზა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილმა პროგრამის პრეზენტაცისას განაცხადა, რომ ინიციატივა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ახალგაზარდების ხელშეწყობის მიზნით გაჩნდა.

„ეს ბავშვები ძალიან რთულ ვითარებაში სწავლობენ. ისინი მართლაც გმირები არიან. ამავდროულად ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებენ. გვინდა მომავალში მეტად შევუწყოთ ხელი, რომ კიდევ უფრო წარმატებულები იყვნენ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს სასკოლო განათლების მიღება ძალიან რთულ პირობებში უწევთ. გალსა და ახალგორში ეს პროცესი შეფერხებულია, რადგან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება არ ეძლევათ. სწორედ ამიტომ სახელმწიფო მსურველებს სრულიად უფასოდ და უგამოცდო მოსამზადებელ ცენტრს შესთავაზებს, სადაც ისინი სხვადასხვა სასურველ საგანში მოემზადებიან და შემდეგ გამარტივებული წესით უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდებიან“, – თქვა ციხელაშვილმა.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური