GE

უფროსი მასწავლებლის სტატუსი გამოცდის გარეშე – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც პედაგოგობის უფლებას მოგანიჭებთ

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით, უფროსის სტატუსის მოსაპოვებლად, პედაგოგს საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება სჭირდება. პროფესიული კომპეტენციის დადასტურების გამოცდას აბარებენ მასწავლებლობის მსურველებიც, რომლებსაც სკოლაში პედაგოგად მუშაობა სურს.

გამოცდების გარდა, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების სხვა გზაც არსებობს. ერთ-ერთია მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო 5 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის გავლა. 300 კრედიტიანი პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხით, პირს მასწავლებლობის უფლება ენიჭება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას აღარ უწევს საგნის გამოცდაზე გასვლა იმისთვის, რომ სკოლაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით შევიდეს.

აღნიშნული პროგრამა თეორიულ სწავლასთან ერთად, პრაქტიკულ კურსსაც მოიცავს და 12 უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალშია. პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება ეროვნული გამოცდებით.

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა ისწავლება:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტში
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში
  • საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში

ზოგადი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა აქვს: 

  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (1-6 კლასები) ინტეგრირებული  საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამას შეგიძლიათ დაეუფლოთ: 

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
  • კავკასიის უნივერსიტეტში

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა ისტორიაში, გეოგრაფიაში, მოქალაქეობაში, ინგლისურ ენაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ქართულში, როგორც მეორე ენაში შეგიძლიათ გაიაროთ, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში.

მულტილინგვური განათლება – დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ცნობისთვის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო 300-კრედიტიანი პროგრამა გრძელვადიანი საუნივერსიტეტო პედაგოგიური განათლების ფარგლებში 2017-2018 სასწავლო წელს ამოქმედდა. პროგრაზე ჩაბარების მსურველთა გარკვეული რაოდენობა სახელმწიფოს მხრიდან ყოველწლიურად სრულად ფინანსდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური