GE

უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს მიეცემათ გონივრული ვადა, რათა დააკმაყოფილონ ევროკავშირის სტანდარტები – პრემიერ-მინისტრი

უმაღლეს სასწავლებლებს, ისევე, როგორც პროფესიულ სასწავლებლებს, მიეცემათ გონივრული ვადა იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ ევროკავშირის სტანდარტები, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში გაცემული ნებისმიერი დიპლომი იქნება თავსებადი ევროპულ სტანდარტებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, თუ მას ამის სურვილი ექნება, თავისუფლად დასაქმდება ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, პროფესიონალებით ადგილობრივი ეკონომიკა იყოს უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავარი აქცენტი გაკეთდება ხარისხზე.

„დაფინანსების ის სისტემა, რომელიც უმაღლეს განათლებაში გვაქვს, ორიენტირებულია რაოდენობაზე და არა ხარისხზე. ჩვენ ამას აუცილებლად შევცვლით. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში გაცემული დიპლომები იქნება სრულად თავსებადი ევროპულ სტანდარტებთან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებებს მთავრობამ მხარი უკვე დაუჭირა და ახლა დოკუმენტი პარლამენტმა უნდა განიხილოს. დადგენილების მიხედვით, განათლების სფეროს დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება, 2022 წლისთვის კი ამ სექტორს ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი უნდა მოხმარდეს.

“განათლების სფეროს დაფინანსება ეტაპობრივად გაიზრდება და 2022 წლის ბიუჯეტში ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს მიაღწევს. მთავრობის ინიციატივით, მომზადდა ცვლილებების პროექტი ბიუჯეტის შესახებ კანონში, რომლის შესაბამისად, სავალდებულოა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მომზადდეს და დამტკიცდეს იმგვარად, რომ განათლების სისტემის დაფინანსება არ იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე ნაკლები”,- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ  მთავრობის მიერ განათლების სფერო პრიორიტეტულ მიმართულებადაა აღიარებული და ახალი ინიციატივაც სწორედ ამ კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„2022 წლის ბიუჯეტი უნდა შედგეს ისე, რომ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6% დაიხარჯოს განათლების სფეროზე. იმისთვის, რომ განათლების სექტორის დაფინანსებამ ამ მოცულობას მიაღწიოს, აუცილებელია დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა. 2020 წლისთვის განათლების სექტორის დაფინანსება 2.0 მლრდ ლარს მიაღწევს, 2021 წელს 2.5 მლრდ ლარამდე იქნება, ხოლო 2022 წლისთვის 3,0 მლრდ ლარს გადააჭარბებს. მთავარი მიმართულებები იქნება ზოგადი, სკოლამდელი, ასევე, პროფესიული განათლება. თუმცა, არ გვავიწყდება უმაღლესი განათლება და მეცნიერება. მათი ბიუჯეტებიც გაიზრდება, მაგრამ როგორც თანხობრივად, ისე შინაარსობრივად ყველაზე დიდი ცვლილება და გარდატეხა იქნება ზოგადი განათლების ნაწილში“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, იმის მიხედვით, როგორ გაიზრდება ქვეყნის შიდა პროდუქტი 2020-2022 წლების განმავლობაში, განათლების სფეროს ბიუჯეტის საერთო მოცულობა დაახლოებით, 3,4-მილიარდი ლარი იქნება.

„სხვადასხვა ტიპის კვლევა გვაჩვენებს, რომ ზოგადი განათლების მიმართულებით როგორც რეგიონის, ისე მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენ დაბალი მაჩვენებლები გვაქვს. განსაკუთრებით, ეს ეხება რეგიონებს. ეს ნიშნავს იმას, რომ თვისობრივად უნდა მოხდეს სკოლის ფუნქციის გადახედვა, მათ შორის, მეტი დამოუკიდებლობა უნდა მიენიჭოს სკოლაში შეძენილ ცოდნას და გაცილებით დიდი დატვირთვა უნდა ჰქონდეს სკოლაში შეძენილ ატესტატს.  სწორედ ამისკენ არის მიმართული აღნიშნული რეფორმა. ჩვენ გვინდა, რომ პრაქტიკულად, მინიმუმამდე დავიყვანოთ ის საჭიროება, რომ ცალკე მოემზადონ ბავშვები და სკოლამ მაქსიმალურად აიღოს ეს ფუნქცია“, – განაცხადა მან.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, როგორც თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და შესაბამისი ანაზღაურებით უზრუნველყოფა.

„მნიშვნელოვანია აშენდეს ახალი სკოლები, ასევე, მოხდეს არსებული ინფრასტრუქტურის   მოდერნიზაცია, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს რესურსები სრულად გვაქვს გათვალისწინებული ბიუჯეტში. რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ბავშვების რაოდენობა კლასში და ამ კუთხით თანამედროვე სტანდარტების დანერგვა. ასევე, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დაინტერესება, რათა მათ ჰქონდეთ მოტივაცია, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყონ სკოლაში. მასწავლებლის პროფესია უნდა იყოს ერთ-ერთი მოთხოვნადი ქვეყანაში,  ამიტომ რეფორმის მთავარი გასაღები სწორედ ამ კომპონენტების განხორციელებაშია“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

მოამზადა გიორგი ხუხიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური