GE
უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდა, კურსდამთავრებულთა რიცხვი კი შემცირდა

2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4 ათასით გაიზარდა და ზრდა ძირითადად კერძო უნივერსიტეტებზე მოდის.

„2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულია 46.7 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 29.3 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში – 17.4 ათასი“, – ვკითხულობთ საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 157.3 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 63.9, ხოლო კერძოში – 36.1 პროცენტი. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 50.9% ქალია, ხოლო 49.1% – კაცი.

რაც შეეხება სტუდენტების რაოდენობას, რომლებმაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრეს, 2020 წელს მათი რაოდენობა 23.5 ათასს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 5.1 პროცენტით ნაკლებია, კურსდამთავრებულებიდან 57.4% არის ქალი, ხოლო 42.6% – კაცი.

„სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 2.2-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას“, – აცხადებენ საქსტატში.

საქსტატის მონაცემებითვე შემცირდა იმ სტუდენტების რაოდენობა, ვინც საზღვარგარეთ სასწავლებლად გაიგზავნა, თუმცა გაიზარდა უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა საქართველოს უნივერსიტეტებში.

„2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საზღვარგარეთ სასწავლებლად გაიგზავნა 289 სტუდენტი, რაც 367 სტუდენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილი სტუდენტების რიცხოვნობა 1.7-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილ სტუდენტთა რიცხოვნობას. უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 14.6 ათასი შეადგინა, რაც 9.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით“, – ვკითხულობთ საქსტატის მონაცემებში.

2020-2021 სასწავლო წელს წინა წელთან შედარებით, უმაღლესი დაწესებულებების რაოდენობა 2-ით გაიზარდა, შესაბამისად ამ დროისთვის ქვეყანაში 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს, აქედან 19 სახელმწიფო და 45 კერძოა. მათი უმრავლესობა(60.9 პროცენტი) კი თბილისშია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ანუკი წიწილაშივილი Aris.ge-განათლების ჟურნალისტი