GE

უმაღლესი განათლების ხელშეწყობისთვის ევროკავშირმა საქართველოსთვის დამატებითი (6 მილიონი ევრო) დაფინანსების ფანჯარა გახსნა

გუშინ Erazmus+ ეროვნულმა ოფისმა კონსერვატორიის მცირე დარბაზში გამართა საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტების, პროფესორებისა და სტუდენტებისათვის. შეხვედრაზე საუბარი,  პროგრამის მიერ მიღწეულ შედეგებთან ერთად, შეეხებოდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დამატებითი მიზნობრივი დაფინანსების გამოყოფას და იმ შესაძლებლობებს, რასაც ეს 6 მილიონი ევრო  მომდევნო ორ წელიწადში პროგრამის  ბენეფიციარებს: სტუდენტებს, პროფესორებს, უნივერსიტეტებს შეუქმნის.

„დღეს საერთაშორისო  ურთიერთობების გარეშე  განათლება განწირულია იმ უსიამოვნო და უპერსპექტივო შედეგისთვის, რასაც საკუთარ თავში „ხარშვა“ ჰქვია. კონსერვატორიას ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი ტრადიციები ჩამოუყალიბდა“, – აღნიშნა კონსერვატორიის რექტორმა რევაზ კიკნაძემ.

შეკრებილ საზოგადოებას მიმართა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცერმა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა Erazmus+ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მაღალი ხარისხის განათლების გარეშე,  ასეთი პროგრამების გარეშე, შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება… ძალიან დიდია ევროკავშირის და კონკრეტულად ამ პროგრამის როლი, როცა ვფიქრობთ იმაზე, რომ სწორედ ამ განათლებულმა ადამიანებმა უნდა განავითარონ ჩვენი ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში 40-მდე უნივერსიტეტია ჩართული“.

,,როგორი იქნება შემდგომი დაფინანსება, ეს ჩვენზეც არის დამოკიდებული, დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარვდგებით, როგორი იქნება, ჩვენი პროექტები, შესაბამისი იქნება საქართველოში Erazmus+  ფინანსური მომავალი.  ეს  პროგრამა მხოლოდ განათლების თვალსაზრისით არ არის მნიშვნელოვანი, მას აქვს კულტურული, სოციალური, ეკონომიკური და რაც მთავარია, პოლიტიკური ასპექტები ჩვენი ქვეყნისთვის“,– ამბობს Erazmus+ ეროვნული ოფისის კოორდინატორი ლიკა ღლონტი.

პერსპექტივა, რომელზეც საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები უახლოეს დღეებშიც გაიმართება, ორ წელიწადში 800 სტიპენდიანტის ( სტუდენტისა და პროფესორის) დაფინანსებას გულისხმობს.  მთავარია, დასაბუთებული და ეფექტური  პროექტები მომზადდეს. ეს ნიშნავს საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმის გაზრდილ მხარდაჭერას.

მოამზადა ნინო კაპანაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური