GE

უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რაოდენობა შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2018-2019 სასწავლო წლის მონაცემებით 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მუშაობს, რაც წინა წელთან შედარებით 12 ერთეულით ნაკლებია.

უწყების ინფორმაციით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უდიდესი ნაწილი, 62%, მოდის თბილისზე. 2018/2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულია 41.6 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 27.8 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში – 13.8 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, შემცირდა 2.7 ათასით. შემცირება ძირითადად კერძო უნივერსიტეტებზე მოდის.

განათლების ხარისხის მართვის განვითარების ეროვნული ცენტრის განმარტებით, უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობის შემცირება ავტორიზაციის პროცესსა და უმაღლესების ნაწილის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მიღებას უკავშირდება.

კერძოდ, პროფესიულ სასწავლებლებად გარდაიქმნა ილია ჭავჭავაძის სახელობის „საზოგადოება ცოდნა“ , საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA, ინტერბიზნესის აკადემია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (საბჭოს გადაწყვეტილებით, მას სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა). რაც შეეხება დანარჩენ დაწესებულებებს, მათ უარი ეთქვათ ან გაუუქმდათ ავტორიზაცია, მათ შორისაა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი „ჰიპოკრატე“.

ა.წ.

1tv.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური