GE

უნდა მოეფეროს თუ არა ბებია-ბაბუა შვილიშვილს? – სკანდალური ვიდეოგაკვეთილების ავტორის განმარტება

სექსუალური აღზრდისა და სქესობრივი განათლების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული სკანდალური ვიდეოგაკვეთილების ავტორმა, სქესობრივი აღზრდის ადრეული ასაკიდან დაწყების აუცილებლობაზე სხვა სტუმრებთან ერთად გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა. გადაცემაში, სადაც თემა სკოლაში სქესობრივი განათლება იყო, ხატია ახალაიამ თქვა, რომ ვიდეობის საშუალებით სურს, რომ სექსუალური განათლების ირგვლივ სტიგმა მოიხსნას. მისივე  განცხადებით, ვიდეოგაკვეთილებში ასევე დევს სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მიხვდეს ახალგაზრდა, როდის არის ის მსხვერპლი. მათ შორის, გაარჩიოს პედოფილიის შემთხვევები ჩვეულებრივი მოფერებისგან. ამ კონტექსტში მან ისაუბრა – რატომ არის აუცილებელი ბავშვისგან ბებიამ და ბაბუამ აიღონ ნებართვა თუნდაც მოფერებასთან დაკავშირებით.

„ზოგი გვეკამათება იმაზე – როგორ შეიძლება ასწავლო ბავშვს, რომ ბებიას და ბაბუას არ უნდა ჩაეხუტონ ბავშვები. ჩვენ რეალურად ეს მესიჯი არ გვქონდა. ჩვენ გვქონდა ის მესიჯი, რომ ხშირ შემთხვევაში პედოფილები არიან  სწორედაც რომ ძალიან ახლობელი ადამიანები, რომლებიც ადვილად სარგებლობენ ბავშვების ნდობით. საზოგადოების ნაწილი იმ  ამოსავალი წერტილიდან ამოდის, რომ რადგან მას არ უსწავლია სექსუალური განათლება, არც შვილმა უნდა ისწავლოს. როდესაც ამხელა რაოდენობა არის სელექციური აბორტების და აბორტების მოზარდებში, ამხელა რაოდენობაა და გაზრდილია აივ-ინფექციის შემთხვევები, ასევე იზრდება  პედოფილია და სექსუალური დანაშაულები ჩვენს ქვეყანაში. ჩემს მესამე ვიდეოში მაქვს საუბარი იმაზე, რომ ანალური ხვრელი  ბევრი ადამიანისთვის სიამოვნებასთან ასოცირდება.  ჩვენ გვქონია ურთიერთობა ძალადობის მსხვერპლ ძალიან პატარა ბიჭებთან, რომლებმაც არც კი იცოდნენ ამის შესახებ. ეს მინიშნება ემსახურებოდა იმას, რომ სექსუალური ძალადობისგან უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები და მივაწოდოთ ბავშვებს ინფორმაცია, რომ ზოგი ადამიანისთვის ეს სიამოვნებასთან ასოცირდება და იცოდნენ და ინფორმირებული იყვნენ ამის შესახებ“, – განაცხადა  ხატია ახალაიამ.

საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც სექსუალური განათლების შესახებ ვიდეოგაკვეთილები მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს, ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა პასუხობს, რომ  “არ შეიძლება, განათლებამ ადამიანს უბიძგოს გარყვნილებისკენ”. მაია ცირამუა აცხადებს, რომ სექსუალური განათლება ბავშვებში პრევენციულ ხასიათს ატარებს. ფსიქოლოგის თქმით,  ბავშვებს აქვთ სრული უფლება, იცოდნენ საკუთარი თავი და სხეული შეიცნონ.

„ის, რა მცდელობაც ხატიას ჰქონდა და ზოგადად, ცოდნის შეტანა საზოგადოებაში, ბავშვებში, მათ მშობლებში ნამდვილად პრევენციულ ხასიათს ატარებს. ბავშვს აქვს სრული უფლება, იცნობდეს საკუთარ სხეულს. ის ჯერ ადრეულ ბავშვობაში ინტერესდება საკუთარი სხეულით, როდესაც შეიძლება, აღმოაჩინოს, რომ აქვს სასქესო  ორგანო. ძალიან ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ბავშვები ეწევიან თვითსტიმულაციასაც. ესეც პრობლემაა ხშირად, როგორი რეაქცია აქვთ მშობლებს, როგორ სჯიან მაშინ, როდესაც მეცნიერებაში მიჩნეულია, რომ ეს არის ბავშვის განვითარების თანმდევი პროცესი“, – განაცხადა მაია ცირამუამ.

განათლების საკითხთა ექსპერტს, რეზო აფხაზავასაც მიაჩნია, რომ   სკოლებში სქესობრივი განათლების შეტანა საჭიროა. მისი თქმით, მოსწავლეებს სწორად უნდა მიაწოდონ ბავშვებს ინფორმაცია, რათა დამატებითი გამწვავება არ გამოიწვიოს. აფხაზავას განმარტებით, ანატომია სასწავლო პროგრამაში შეტანილია. სწორედ ამიტომ, განათლების საკითხთა ექსპერტი აღნიშნავს, რომ სახელწმიფომ უნდა დაარეგულიროს, რომ მასწავლებლებმა სწორად მიაწოდონ მოზარდებს ინფორმაცია.

„ესეც უნდა ისწავლებოდეს სწორ დროს, სწორი ფორმით და სწორი ადამიანების მიერ. სამწუხაროდ, ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც ვამბობთ, რომ საჭირო და მნიშვნელოვანია და ჩვენ სკოლაში უნდა შევიტანოთ. ამ ბევრი ასეთი საკითხის სწორად მიმტანი, სამწუხაროდ, არ გვყავს“, – განაცხადა აფხაზავამ.

განსხვავებულია ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” ხელმძღვანელის მოსაზრება, რომელიც  სკოლებში სექსუალური შინაარსის გაკვეთილების შეტანის წინააღმდეგ გამოდის. ზვიად ტომარაძე ამბობს, რომ შესაძლოა, გარკვეულწილად უფროს კლასებში დასაშვები იყოს მსგავსი შინაარსის გაკვეთილები, თუმცა, არა იმ ფორმით, როგორც მსჯელობა მიმდინარეობს.

„თუ სწავლების მიზანი არის აბორტების რიცხვის შემცირება, თუ სწავლების მიზანი არის ნაადრევი ფეხმძიმობის პრევენცია და ზოგადად, ცნობიერების ამაღლება და ეს მოხდება საზოგადოების ფართო წრის ჩართულობით, ფსიქოლოგების, ეკლესიის ჩართულობით, შესაძლოა, სწავლება დაშვებული იქნას მაღალ კლასებში.  ხატია ახალაიას გადასაწყვეტი არ არის, რა სახის სექსუალურ განათლებას მიიღებენ ბავშვები სკოლებში.  შესაძლოა, მისმა განათლებამ ბავშვებს დაუზიანოს ფსიქიკა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკს, თუ როდის მიაწვდი ამ ინფორმაციას“, – განაცხადა ზვიად ტომარაძემ.

გ.ხ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური