GE

უნდა გაშუქდეს თუ არა სკოლის ცხოვრება პროაქტიულად – პასუხი საჯარო სკოლების ადმინისტრაციას

როგორია საქართველოში ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, მშობლების უმეტესი ნაწილისთვის შესაძლოა, მომავალშიც უცნობი დარჩეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სულ რამდენიმე დღის წინ სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლის მჭიდრო თანამშრომლობაზე საუბრობდა, ამ კონტექსტში მან ერთგვარი ხელშეკრულების გაფორმებაზეც ისაუბრა სკოლასა და მოსწავლის მშობელს შორის. მიზანი კი დიდია – „სკოლებში ბულინგი არის დასამთავრებელი“, – თქვა მიხეილ ჩხენკელმა.

იმ ფონზე, რომ საჯარო სკოლის შიდა ტერიტორიაზე მშობლის მოხვედრა მარტივი საქმე არ არის, სკოლის ცხოვრების ყოველდღიური სიახლეების მიღების ალტერნატიული წყარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვებგვერდი, ან უკიდურეს შემთხვევაში „ფეისბუკის“  გვერდი მაინც უნდა იყოს.

თუმცა როგორც აღმოჩნდა, მშობლებთან უწყვეტი კომუნიკაციის ამ წყაროს რიგ შემთხვევებში პოპულარული საჯარო სკოლების ადმინისტრაციაც კი არ იყენებს და მეტიც, თვლიან, რომ ეს პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

მაგალითად, თბილისის 53-ე საჯარო სკოლის დირექტორი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ რაიმე სახის გვერდი არც მას აქვს, არც თავად სკოლას და სულაც არ მიიჩნევს საჭიროდ ასეთის არსებობას. მისი თქმით, კლასებს აქვთ თავიანთი ჯგუფები და „ამითი კმაყოფილდებიან“.

ამ მხრივ კერძო სკოლების ნაწილი უფრო წინ არის წასული და მათი მოსწავლეების მშობლებიც ბევრად წინ არიან სკოლასთან უკუკავშირის თვალსაზრისით.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი პირდაპირ არ ამბობს, რომ სკოლებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება საიტი ან „ფეისბუკ“ გვერდი იქონიონ, თუმცა იქნებ სწორედ სამინისტროსგან ვალდებულებების აღებას და ამ დროს სკოლის დირექტორთა გააქტიურებას მოჰყვეს მინისტრის მოწოდების შესრულებაც – სკოლისა და მშობლის ურთიერთჩართულობის შესახებ.

მთავრობის დადგენილებაში კი, რომელიც 2013 წელს მიიღეს და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნებას ეხება, ვკითხულობთ: 

ადმინისტრაციული ორგანო (მათ შორის საქვეუწყებო), რომელშიც ასევე მოიაზრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაც, ვალდებულია, უზრუნველყოს ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესურსზე.

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.

საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი (პირები) ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განსაზღვროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი (პირები).

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესურსზე საჯარო ინფორმაციის გვერდის არსებობა – ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში, რომელსაც მაშინდელი მთავრობის მეთაური ბიძინა ივანიშვილი აწერს ხელს.

„სკოლა და მშობელი ბულინგის წინააღმდეგ ერთ გუნდად უნდა მუშაობდეს, სწორედ ესაა კონტრაქტის გაფორმება“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური