GE

უნდა ვისწავლოთ, რადგან არავინ იცის მომავალი რას გვიმზადებს – პროგრამირებით დაინტერესებული მე-12 კლასის მოსწავლე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლის ფარგლებში, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის მიერ საგანმანათლებლო პროექტი „უნილაბი სკოლაში“ განხორციელდა. პროექტი განკუთვნილი იყო მე-8-მე-12- კლასელებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ღია ლექციების ფორმატით გაცნობოდნენ თანამედროვე პროფესიებს, ასევე მოეპოვებინათ დაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან და პროგრამირების მიმართულებით გაევლოთ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სამი პრაქტიკული კურსიდან ერთ-ერთი:

  • Front-end და დიზაინის საწყისები
  • Unity 3D
  • C#

შერჩეული კანდიდატებისთვის კურსის გავლის ხარჯები სრულად დაფარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

მარიამ შენგელია ვლადიმირ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა და ერთ-ერთია იმ მოსწავლეებს შორის, რომელთაც წარმატებით გაიარეს კურსები „უნილაბი სკოლაში“-ს ფარგლებში.

როდის და რატომ დაინტერესდით ტექნოლოგებითა და მომავლის პროფესიებით?
პროგრამირებაზე პირველად მეხუთე კლასში შევედი, რადგან იმ პერიოდში ეს საკმაოდ პოპულარული იყო ჩემს მეგობრებს შორის. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამ სფერომ დიდად დამაინტერესა, რადგან მოცემული დავალებებით ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა გამომეყენებინა ეს ცოდნა პრაქტიკაში. ამიტომ მე-8 კლასიდან თავი დავანებე პროგრამირებას. სამწლიანი პაუზის შემდეგ, ჩემი ყურადღება ისევ მიიქცია ამ სფერომ. გადავწყვიტე, მომავალი ტექნიკურ საგნებთან დამეკავშირებინა, ამიტომ ხშირად ვაწყდებოდი საინტერესო, რეალურ პროექტებს, რომლებიც პროგრამირებას უკავშირდებოდა. განსაკუთრებით კი AI-მ მიმიზიდა. ვფიქრობ, სწორედ ერთი-ორი წლის წინ დავინტერესდი მკვეთრად მომავლის ტექნოლოგიებით.

რა გამოცდილება გქონდათ ამ მიმართულებით?
მეხუთე კლასში შევედი საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში “მზიური”, სადაც Pascal და C++ ვისწავლე. მეცხრე კლასიდან აღარ ვეხებოდი პროგრამირებას, მე-11 კლასის ბოლოს, კარანტინის დროს კი ჩემით დავიწყე Python-ის სწავლა. Front end-თან კი შეხება არ მქონია.

საიდან და როგორ შეიტყვეთ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის საკვირაო სკოლის შესახებ?
ილიაუნის facebook გვერდიდან.

რა ისწავლეთ კურსის ფარგლებში?
კურსის ფარგლებში შევისწავლეთ HTML, CSS, Adobe XD და UI დიზაინის საწყისები. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია საკუთარი დიზაინის მიხედვით, სტატიკური ვებ-გვერდის შექმნა სხვადასხვა ანიმაციებითა და ეფექტებით.

რამდენად სასარგებლო იყო მიღებული ცოდნა?
ამ კურსმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა – ნამდვილად არ მეგონა, 10 გაკვეთილში თუ ამდენი ინფორმაციის ჩატევა იქნებოდა შესაძლებელი. დავალებებსა და ფინალურ პროექტზე მუშაობით კიდევ უფრო მეტი ცოდნა მივიღე. დავალებების შესასრულებლად და ხარვეზების გამოსასწორებლად ხშირად მჭირდებოდა ინტერნეტის დახმარება. შესაბამისად, განმივითარდა ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარი, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კურსმა მყარი საბაზისო ცოდნა მომცა, რის შედეგადაც მარტივად შემიძლია ჩემით განვითარება, რაც, რა თქმა უნდა, სასარგებლოა.

რაზეა თქვენი ფინალური პროექტი?
ჩემი ფინალური პროექტი მეცნიერების დარგებს ეხება. ამ სფეროში ინფორმაცია თითქოს გაფანტულია, ამიტომ ვეცადე ყველაფრისთვის თავი მომეყარა. ინფორმაცია ძირითადად ამა თუ იმ დარგში მიმდინარე კვლევებსა და აღმოჩენებს უკავშირდება. შესაბამისად, მომხმარებელს შეეძლება ნახოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგები, წაიკითხოს მათ შესახებ მცირე ინფორმაცია და შემდეგ ნახოს კონკრეტულ სფეროსა და მის ქვე-ველებში მიმდინარე საინტერესო კვლევები და აღმოჩენები. მომავალში მის გამრავალფეროვნებას ვაპირებ. თავდაპირველად ეს იდეა იმიტომ დამებადა, რომ მინდოდა უფრო მეტი შემეტყო ტექნიკური დარგების შესახებ, მაგრამ იმედი მაქვს, ეს სხვებსაც დააინტერესებს.

რაში აპირებთ მიღებული ცოდნის მომავალში გამოყენებას?
ჯერ მომავალში კონკრეტული მიზანი არ მაქვს, თუმცა ამ საბაზისო ცოდნამ ბევრი ახალი გზა დამანახვა და ეს აუცილებლად გამომადგება. ვაპირებ ტექნიკურ დარგებს დავუკავშირო მომავალი, აქ კი ყველა დარგი ერთმანეთში იკვეთება, მათ შორის პროგრამირებაც. ნებისმიერი შექმნილი პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანა Front End-ის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია, ამიტომ ამ კუთხით ძალიან გამომადგება ეს ცოდნა.

რას ურჩევთ თანატოლებს – რატომ არის მსგავსი ცოდნა მნიშვნელოვანი 21- საუკუნეში?
21-ე საუკუნეში იმდენად ბევრი ინფორმაციაა, რომ ადამიანს დაბნევა არ გაუჭირდება. ძალიან სწრაფად ვითარდება კომპიუტერული მეცნიერებები, ამიტომ მომავლის მის ერთ-ერთ დარგთან დაკავშირება ძალიან საინტერესოა. ხშირად მათემატიკის არცოდნა აკავებს ხალხს პროგრამირების შესწავლისგან. თუმცა ამ კურსში მათემატიკასთან შეხებაც არ გვქონია. ამიტომ არცთუ ისე საშიშია ეს სფერო. დასაქმების მხრივ, პერსპექტიული და მოთხოვნადია. მისი შესწავლა რთული არ არის, პრაქტიკაში გამოყენება კი ძალიან სახალისოა, მით უმეტეს, თუ საკუთარი პროდუქტის შექმნა გსურთ. ამ ცოდნის მისაღებად კი მხოლოდ სურვილი და google გვჭირდება. თუ ცოდნას წინ არაფერი უდგას, რაც არ უნდა იყოს, უნდა ვისწავლოთ, რადგან არავინ იცის მომავალი რას გვიმზადებს. Front End-ის ცოდნა კი, როგორც აღვნიშნე, ამ მხრივ ძალიან მომგებიანია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური