GE

UNICEF: კოვიდ-19-ის გავლენა ბავშვებისა და ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზე „აისბერგის წვერია“

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 5 ოქტომბრით დათარიღებული წერილის თანახმად, უახლესი ანალიზი ცხადყოფს, რომ ახალგაზრდების მენტალური აშლილობით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი წელიწადში დაახლოებით 390 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

“ბავშვებისა და ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზე კოვიდ-19-მა შეიძლება კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იქონიოს ზეგავლენა”, – აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდი თავის წამყვან ანგარიშში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 21-ე საუკუნეში, ჯერ კიდევ კოვიდ-19-მდე, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებული ბავშვების, მოზარდების და აღმზრდელების მენტალური ჯანმრთელობის ყველაზე სიღრმისეული ანალიზის „მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2021: ჩემს გონებაში: ბავშვების მენტალური ჯანმრთელობის დაცვა, ზრუნვა და ხელშეწყობა“ თანახმად – ბავშვები და ახალგაზრდები თავად უმკლავდებოდნენ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს ყოველგვარი დახმარების გარეშე.

უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით 10-19 წლის ასაკის ყოველი 7 მოზარდიდან ერთზე მეტს აქვს მენტალური აშლილობის დიაგნოზი. ყოველწლიურად თითქმის 46,000 მოზარდი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, რაც ამ ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილის ხუთ წამყვან მიზეზს შორისაა. ამ დროს კი მენტალური ჯანმრთელობის საჭიროებებსა და მენტალური ჯანმრთელობის დაფინანსებას შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი არსებობს. ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ჯანდაცვის სამთავრობო ბიუჯეტების დაახლოებით 2 პროცენტი არის გამოყოფილი მენტალური ჯანმრთელობის ხარჯებისათვის.

„ეს 18 თვე ძალიან გრძელი გამოდგა ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისათვის. ლოქდაუნების და პანდემიით გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვების გამო ბავშვებმა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები ოჯახისგან, მეგობრებისგან, საკლასო ოთახებისგან, თამაშისგან შორს გაატარეს, რაც თავად ბავშვობის განუყოფელი ელემენტებია“, განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰენრიეტა ფორემ. „ზემოქმედება მნიშვნელოვანია და ეს აისბერგის მხოლოდ წვერია. პანდემიის დაწყებამდეც ძალიან ბევრი ბავშვი იმყოფებოდა მენტალური ჯანმრთელობის უგულვებელყოფილი პრობლემების წინაშე. ზედმეტად მცირეა მთავრობების მიერ ამ კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გაწეული ინვესტიციები. არასათანადო მნიშვნელობა ენიჭება მენტალურ ჯანმრთელობასა და სამომავლო ცხოვრებისეულ მიღწევებს შორის ურთიერთკავშირს“, – ვკითხულობთ UNICEF-ის წერილში.

ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობა კოვიდ-19-ის დროს

პანდემიამ მართლაც თავისი დაღი დაასვა ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობას. გაეროს ბავშვთა ფონდის და გელაპის ინსტიტუტის მიერ მსოფლიოს 21 ქვეყანაში ბავშვებისა და ზრდასრულების საერთაშორისო კვლევის საწყისი მიგნებების თანახმად, რომელიც განხილულია ანგარიშში „მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2021“, 15-24 წლის ასაკის გამოკითხული ყოველი 5 ახალგაზრდიდან ერთი აღნიშნავდა, რომ ხშირად განიცდის დეპრესიას ან არ აქვს რამის კეთების ხალისი.

კოვიდ-19 მესამე წელს ითვლის და მისი ზემოქმედება ბავშვებისა და ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე კვლავ დიდია. გაეროს ბავშვთა ფონდის უახლესი ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, ყოველი 7 ბავშვიდან სულ მცირე ერთ ბავშვზე ლოქდაუნებმა პირდაპირი ზეგავლენა იქონია, ხოლო 1.6 მილიარდზე მეტმა განიცადა გარკვეული სახის საგანმანათლებლო დანაკარგი. ყოველდღიური რუტინების, განათლების, რეკრეაციული აქტივობების რღვევა და ოჯახის შემოსავალსა და ჯანმრთელობაზე ნერვიულობა ბევრ ახალგაზრდას მომავლისადმი შიშის, სიბრაზის და მღელვარების შეგრძნებას უჩენს. მაგალითად, ადრეულ 2020 წელს ჩინეთში ჩატარებულმა ონლაინ კვლევამ, რომელიც მოხსენიებულია ანგარიშში „მსოფლიოს ბავშვთა მგდომარეობა“, აღნიშნულია, რომ რესპოდენტთა თითქმის მესამედი განიცდიდა შიშსა და შფოთვას.

რა დაუჯდება ეს საზოგადოებას

დიაგნოსტირებულ მენტალურ დაავადებებს, მათ შორის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს, შფოთვას, აუტიზმს, ბიპოლარულ აშლილობას, ქცევის აშლილობას, დეპრესიას, კვებით აშლილობას, გონებრივ ჩამორჩენილობას და შიზოფრენიას შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მოახდინოს ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, ცხოვრებაზე და შრომისუნარიანობაზე.

მართალია, ბავშვების ცხოვრებაზე ეს ზემოქმედება შეუფასებელია, ამ ანგარიშში მოხსენიებული ლონდონის ეკონომიკის სკოლის ახალი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ახალგაზრდების მენტალური აშლილობებით ან სიკვდილიანობით გამოწვეული დანაკარგი მსოფლიო ეკონომიკაში წელიწადში 390 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

დამცავი ფაქტორები

ანგარიშის თანახმად, ადრეული ასაკიდან გენეტიკის, გამოცდილებისა და გარემო ფაქტორების ერთობლიობა, მათ შორის აღზრდა, სკოლა, ურთიერთობათა ხარისხი, ძალადობა და სასტიკი მოპყრობა, დისკრიმინაცია, სიღარიბე, ჰუმანიტარული კრიზისი და ისეთი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ექსტრემალური სიტუაციები, როგორიცაა კოვიდ-19, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე მთელი მათი ცხოვრების მანძილზე.

მართალია, ისეთი დამცავი ფაქტორები, როგორიცაა მოსიყვარულე აღმზრდელები, უსაფრთხო გარემო სკოლაში და დადებითი ურთიერთობები თანატოლებთან, ხელს უწყობენ მენტალური აშლილობის რისკის შემცირებას, ანგარიში გვაფრთხილებს, რომ არსებობს მნიშვნელოვანი ბარიერები, მათ შორის სტიგმა და დაფინანსების ნაკლებობა, რაც აფერხებს ბევრ ბავშვს დადებითი მენტალური ჯანმრთელობის ქონასა და მათთვის საჭირო მხარდაჭერის მიღებაში.

„მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2021“ მოუწოდებს მთავრობებს და საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, აიღონ ვალდებულება, ჰქონდეთ კომუნიკაცია და იმოქმედონ ყველა ბავშვის, მოზარდისა და აღმზრდელის მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის, დაიცვან ისინი, ვისაც დახმარება ესაჭიროება და იზრუნონ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე. მათ შორის აუცილებელია:

  • სექტორთა შორის ბავშვებისა და მოზარდების მენტალურ ჯანმრთელობაში სასწრაფო ინვესტიცია, რათა მოხდეს პრევენციის, წახალისების და მკურნალობის მთლიანად საზოგადოებრივი მიდგომის დანერგვა.
  • ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სექტორებს შორის მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინტერვენციების ინტეგრირება და გაფართოება, მათ შორის, ისეთი აღმზრდელობითი პროგრამები, რომლებიც მხარს უჭერს გულისხმიერ, ყურადღებიან გარემოს და ხელს უწყობს მშობლისა და აღმზრდელის მენტალურ ჯანმრთელობას; აგრეთვე უზრუნველყოფს მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერას სკოლებში, ხარისხიანი მომსახურების და პოზიტიური ურთიერთობების გზით.
  • მენტალური ჯანმრთელობის გარშემო სიჩუმის დარღვევა, არსებული სტიგმის დაძლევითა და მენტალური ჯანმრთელობის უკეთ გაგების ხელშეწყობით და ბავშვებისა და ახალგაზრდების გამოცდილებისადმი მეტი ყურადღების გამოჩენით.
  • „მენტალური ჯანმრთელობა ფიზიკური ჯანმრთელობის ნაწილია. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, გავაგრძელოთ მისი სხვა ჭრილში აღქმა“, აღნიშნა ფორემ. „ძალიან დიდხანს, განურჩევლად მდიდარ თუ ღარიბ ქვეყნებში, ჩვენ ვაკვირდებოდით ბავშვების პოტენციალის მაქსიმიზაციის ამ გადამწყვეტ ელემენტისადმი დაბალ კომპეტენციასა და უმნიშვნელო ინვესტიციებს. ეს უნდა შეიცვალოს“.

ასევე იხილეთ:

რა ელის მსოფლიო განათლებას COVID-19-ის პანდემიის შემდეგ?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
თამარა არის© იაკობიშვილი EDU.ARIS.GE-ს რედაქტორი