GE

UNICEF-მა საქართველოს სკოლებს ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დამცავი საშუალებების დამატებითი მარაგი გადასცა

გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) და იაპონურმა კომპანია „სარაიამ“ საქართველოს განათლების სამინისტროს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო დამცავი საშუალებები, რომლებსაც საქართველოს ყველა სკოლა დამატებითი მარაგის სახით მიიღებს. როგორც განათლების სამინისტრის მიერ 5 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იაპონური კომპანია „სარაიას“ მიერ სამინისტროსთვის გადმოცემულია 140 ტონა სადეზინფექციო ხსნარი.

უკვე დაიწყო საჩუქრის გადაცემის პროცესიც. ქალაქ გორის მე-3 საჯარო სკოლას ეწვივნენ მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი. სტუმრებმა სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსები საჩუქრად გადასცეს. UNICEF-ი სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელიც პანდემიის დაწყებიდან აქტიურად არის ჩართული სკოლებში ვირუსის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების პროცესში. მათ შორის, უკვე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები კოვიდ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რომლებშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, 3000-მდე მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური