GE

უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები ჯერ არ იხსნება – განათლების მინისტრის განმარტება

15 თებერვლიდან, სკოლების პარალელურად, უნივერსიტეტებში და პროფესიულ სასწავლებლებში, პირდაპირი დასწრების პრინციპით, სასწავლო პროცესი არ განახლდება. გადაწყვეტილებას ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოგვიანებით გამოაცხადებენ.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა განმარტება.

„როგორც იცით, ორშაბათიდან განახლდა სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა. 15 თებერვლიდან უკვე ამ სამ ქალაქშიც და, შესაბამისად, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საკლასო ოთახებში გაგრძელდება სასწავლო პროცესი. რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, ეს პროცესი სკოლებში დაბრუნებას ეტაპობრივად მოჰყვება, კონკრეტული თარიღების შესახებ, ამასთან დაკავშირებით ცალკე განცხადება გაკეთდება მომავალში“, – განაცხადა მიხელ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, სკოლებში სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, ეპიდსიტუაციის მაჩვენებელი კი იქნება პირობა იმისთვის, რომ სწავლების ტრადიციული მეთოდი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღდგეს.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული სამედიცინო პროტოკოლი, მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას, შესაბამისად ყველაფერი იქნება გაკეთებული რომ სკოლებში როგორც იყო არის და იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო. ჩვენ ძალიან დეტალურად ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. გახსნა დავიწყეთ სკოლებით, მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით დინამიკას და თარიღებთან დაკავშირებით განცხადება ცალკე გაკეთდება, ამას ეტაპობრივად მოჰყვება მთლიანად სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში დაბრუნება“, – აღნიშნა მინისტრმა.

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური