GE

უნივერსიტეტების შემოწმება, არც გეგმიურად და არც არაგეგმიურად, სამინისტროს პრეროგატივა არ არის

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად დაგეგმილ კონკრეტულ ქმედით ნაბიჯთა შორის უნივერსიტეტების არაგეგმიური შემოწმება დაასახელა და მოსალოდნელ შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება: „ავტორიზაციის სტანდარტების შეუსაბამობა, უმაღლესებისთვის სტუდენტთა მიღების შეჩერების საბაბი გახდება“. ასევე, მინისტრმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ „ამოქმედდება ევროპის საბჭოს უმაღლესი განათლების სტანდარტებთან თავსებადი მოდელი“.

ხარისხიანი და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული უმაღლესი განათლება, ცხადია, ნებისმიერი  ქვეყნის პრეროგატივას უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ რამდენად შეესაბამება რეალურ კონტექსტს ამ მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები და როგორ წაგვიყვანს ის სასურველი შედეგისაკენ, ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE-სთან საუბრობს ნატალია ბარათელი – შპს ,,უმაღლესი სასწავლებელი განათლების აკადემიის” ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

–ბატონი მიხეილი უაღრესად განათლებული, კულტურული, დახვეწილი და საოცრად პოზიტიური ადამიანია. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ სამინისტროს პრეროგატივა არ არის უმაღლესი დაწესებულებების შემოწმება არც გეგმიურად და არც არაგეგმიურად. 2018 წელს 29 უმაღლეს დაწესებულებას უწევს რეავტორიზაცია ავტორიზაციის ახალი სტანდარტებით. ავტორიზაციის პროცესისათვის მზადება  საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. არ ვფიქრობ, რომ მონიტორინგი განხორციელდება იმ უნივერსიტეტებში, ვისაც  2018 წელს ავტორიზაცია უწევთ.  მონიტორინგის შემთხვევაში, რამდენადაც ავტორიზაციის ახალი სტანდარტები უკვე ძალაშია შესული, დაწესებულებების შემოწმება მოხდება ახალი სტანდარტების მიხედვით. თითქმის ყველა უსდ  მუშაობს ახალი სტანდარტების დანერგვაზე.  შესაბამისად, აუცილებელად მიმაჩნია, დაწესებულებებს მიეცეთ თანმიმდევრულად მუშაობის საშუალება წყნარ, მშვიდ გარემოში, რომ უნივერსიტეტები შესაბამისობაში მოვიდნენ ავტორიზაციის ახალ სტანდარტებთან.  მონიტორინგის,  ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის პროცესი არ უნდა იწვევდეს შიშს. დაწესებულებები პოზიტიურად უნდა ხვდებოდნენ ამ პროცესს, უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ექსპერტებისგან მიიღებენ ღირებულ რჩევებსა და რეკომენდაციებს, რათა გააძლიერონ და განავითარონ ინსტიტუციები, საგანმანათლებლო პროგრამები, დახვეწონ სწავლებისა და სწავლის მეთოდები და  შეფასების სისტემები.

–სად მიგვიყვანს ,,ავტორიზაციის სტანდარტებთან შეუსაბამობის საბაბით სტუდენტთა მიღების შეჩერება“? 

–თუ დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის სტანდარტებს, მას გაუუქმდება ავტორიზაცია. ავტორიზაციის გაუქმება თავისთავად ნიშნავს იმას, რომ დაწესებულებას აღარ აქვს უფლება  განახორციელოს საგანმანათლებლო საქმიანობა. ამდენად, ის ვერც სტუდენტების მიღებას გამოაცხადებს. სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს დაწესებულებებს განვითარებასა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვაში. არ ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მიზანია „ავტორიზაციის სტანდარტებთან შეუსაბამობის საბაბით სტუდენტთა მიღების შეჩერება“. თუ რამდენიმე უნივერსიტეტი ვერ მიიღებს ავტორიზაციას, ეს იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება კონკურსები ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში.  სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს პოლიტიკა  პროფესიული განათლების მიმართულებით და პროფესიული განათლება მიმზიდველი გახადოს ახალგაზრდებისათვის.

–არიან თუ არა მზად ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები ევროსაბჭოს სტანდარტებთან თავსებადი მოდელების დასამკვიდრებლად?

–ეს კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგია, რომ გვსურს  საქართველოს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება და თავსებადობა, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების დახვეწა, საქართველოს განათლების სისტემის მიმართ ნდობის ამაღლება საერთაშორისო დონეზე. პირადად ვიყავი ახალი სტანდარტების პროექტის განხილვაში ჩართული და ღიად გამოვხატავდი ჩემს მოსაზრებას. მიმაჩნია, რომ სისტემა მზად არ არის ასეთი მასშტაბური ცვლილებებისათვის, რადგან განათლების სისტემის რეფორმა უნდა დაიწყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. ავტორიზაციას გადიან მხოლოდ კერძო სკოლები, ხოლო საჯარო სკოლებისათვის უკვე მერამდენედ გადაიდო ავტორიზაციის ვადა. თუ სწორად მახსოვს 2020-2021 სასწავლო წლისთვის ყველა საჯარო სკოლა უნდა იყოს ავტორიზებული. აუცილებელია ფუნდამენტური რეფორმების გატარება ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში თუ გვსურს პროფესიული განათლებასა და უმაღლეს განათლებაში მიმდინარე რეფორმებმა შედეგი გამოიღოს.

ამავე თემაზე:

უმაღლესი სასწავლებლების არაგეგმიური შემოწმება მოხდება – განათლების მინისტრი

უნივერსიტეტებისთვის საავტორიზაციო განაცხადების მიღების ვადები განისაზღვრა – დეტალები

მოამზადა ნინო კაპანაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური