GE

უნივერსიტეტებისთვის კლასტერული აკრედიტაციის მოდელი ამოქმედდება – რომელ მიმართულებას შეეხება პილოტირება 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უნივერსიტეტებისთვის კლასტერული აკრედიტაციის მოდელი ამოქმედდება, რაც მათ ადამიანური რესურსების, დროისა და ხარჯების დაზოგვაში დაეხმარება. ამის შესახებ მინისტრმა ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ონლაინ კონფერენციაზე „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამოქმედდება კლასტერული აკრედიტაციის მოდელი, რაც უნივერსიტეტებს ადამიანური რესურსების, დროისა და ხარჯების დაზოგვაში დაეხმარება, ხელს შეუწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვალიფიკაციების ახალი ჩარჩოსა და კლასიფიკატორის ეფექტურ დანერგვას“, – თქვა მიხეილ ჩხენკელმა.

კლასტერული აკრედიტაცია ნიშნავს იმას, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეძლებათ, ცალკეული პროგრამების ნაცვლად, სააკრედიტაციოდ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები დაჯგუფებული სახით წარადგინონ. საკითხის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს მუშაობა 2020 წლიდან ჰქონდა დაწყებული და საპილოტე რეჟიმში 2021 წელსაც აგრძელებს.

„2020 წელს ჩატარდა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტის ფარგლებში შემუშავდა კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლის კონცეფცია და სამოქმედო გეგმა. შემუშავდა კლასტერული აკრედიტაციის პროცედურა, რომლის განხილვაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან მიმდინარეობს.

„2021 წლის აპრილიდან იგეგმება კლასტერული აკრედიტაციის პილოტირება ფილოსოფიის, ისტორია-არქეოლოგიის, ენებისა და ლიტერატურის მიმართულებებში. პილოტირების პროცესის შედეგების გათვალისწინება კლასტერული აკრედიტაციის მექანიზმის დახვეწის მიზნით მოხდება. პილოტირების პროცესში ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ჩართულები იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები ესტონეთიდან და გერმანიიდან. პარალელურად, 2021 წლისათვის დაიგეგმა ჰუმანიტარული მიმართულების ანალიზის განხორციელება და ასევე ჰუმანიტარული ვიწრო და დეტალური სფეროების მიმართულებით (ისტორია, არქეოლოგია, ენები, ქართული ფილოლოგია) უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავება“, – განმარტავენ ხარისხის განვითარების ცენტრში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური