GE

უნივერსიტეტებისთვის კვალიფიკაციების ეროვნულ ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოსასვლელი ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიცემული ვადა, რომელშიც ყველა აკრედიტებული პროგრამა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს, შესაძლოა შეიცვალოს.

როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ მახარაშვილმა განაცხადა, სამინისტროსთან ერთად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთადაც კიდევ ერთხელ გადამუშავდება ეს თემა და განისაზღვრება გონივრული ვადები, რომლებიც უნივერსიტეტებს მიეცემათ.

„მინდა გითხრათ, რომ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვასთან დაკავშირებით ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი სამინისტროსთან ერთად და სულ რამდენიმე დღეში, დაწესებულებებს ეცოდინებათ ჩვენი გეგმის შესახებ. აკერედიტაციის სამმართველო და ავტორიზაციის სამსახური შემოვიდნენ წინადადებით და ინიციატივით, რომ კიდევ ერთხელ გადავამუშაოთ ეს თემა, გავიაროთ, ვნახოთ, განვსაზღვროთ გონივრული ვადები ისე, რომ არ შეეხოს ეს ხარისხს, არც ხარისხი დავაზარალოთ და დაწესებულებებსაც მივცეთ გონივრული ვადა. სწორედ მათი ინიციატივით ვთხოვეთ სამინისტროს, რომ შეექმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის რეჟიმში ვმუშაობთ, რომ მივიღოთ ის შედეგი, რომელიც დაწესებულებებს მისცემს შესაძლებლობას და საშუალებას, რომ შეძლონ კონტრიბუციის ჩადება. ჩვენი მიზანი არის არ დავკარგოთ ხარისხი. ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ისინი მიიღებენ პასუხს და არა მხოლოდ პასუხს, არამედ მათთან ერთად ვიფიქრებთ, ვისჯელებთ და დავალაგებთ ამ თემას“, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

მისივე თქმით, უნივერსიტეტებს ძალიან კარგად ახსოვთ 2020 წლის 30 სექტემბერი, როცა შესაბამისობაში უნდა მოვიდნენ ყველა აკრედიტებული პროგრამით ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან, მაგრამ ერთობლივი კონსულტაციების და მუშაობის შედეგად ეს თარიღი შესაძლოა შეიცვალოს.

რეფორმატორი განათლების სამინისტრო უკვე კანონებსაც არღვევს – კვლევის შედეგი

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური