GE

უნივერსიტეტებში პროფესორ-მასწავლებლების რაოდენობა გაიზარდა

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 9.4 ათასი პროფესორ-მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15%-ით მეტია. პროფესორ-მასწავლებელთა 53.8% არის ქალი, ხოლო 46.2% – კაცი. მათი უდიდესი ნაწილი, 38.5%, არის ასოცირებული პროფესორი. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

რაც შეეხება სადოქტორო პროგრამებს, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სადოქტორო პროგრამებს ახორციელებდა 32 უნივერსიტეტი (2017 წელს – 29 უნივერსიტეტი). აღნიშნულ უნივერსიტეტებში მიღებული დოქტორანტების საერთო რიცხოვნობა 2018 წელს 2017 წელთან შედარებით თითქმის 20 %-ით შემცირდა (რაც, ძირითადად, განპირობებულია პროგრამების აკრედიტაციის განახლებით) და შეადგინა 1106 პირი. აღნიშნულმა პროცესმა, შესაბამისად, გამოიწვია ცვლილება დოქტორანტების საერთო რიცხოვნობაში (3512), რაც 11 %-ით ნაკლებია 2017 წლის მაჩვენებელზე.

2017 წელთან შედარებით, სადოქტორო პროგრამებზე მიღებულთა რაოდენობის ზრდა 2018 წელს (შესაბამისად, 88 დოქტორანტიდან 124 დოქტორანტამდე) აღინიშნა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამაზე. 2018 წელს აღნიშნულ პროგრამაზე, როგორც მიღებულთა (78), ისე კურსდამთავრებულ (28) დოქტორანტთა უმეტესობა ქალია. წინა წელთან შედარებით, კურსდამთავრებული დოქტორანტების რიცხოვნობა 13 %-ით გაიზარდა და 485 პირი შეადგინა. ზრდა აღინიშნა სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის და სამართალის, მეცნიერების და საინჟინრო, დამამუშავებელი და სამშენებლო დარგების სადოქტორო პროგრამებზე.

კლება აღინიშნა დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელების რიცხოვნობაში, რაც განპირობებულია სამეცნიერო ხელმძღვანელზე დოქტორანტების რაოდენობის ლიმიტის ზრდით. ამასთან, რიგ შემთხვევებში დოქტორანტს ყავს 2 ხელმძღვანელი: ქართველი და უცხოელი. 2018 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, დოქტორანტთა საერთო რაოდენობიდან დიდი ნაწილი მოდის 35 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფზე. 2018 წელს უცხოელი დოქტორანტების საერთო რაოდენობიდან 64 % კაცია. 2017 წელთან შედარებით მათი რიცხვი მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ისევე, როგორც დოქტორანტების საერთო რაოდენობა.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური