GE

უნივერსიტეტში ოლიმპიადებზე გამარჯვებული მოჭადრაკეებიც უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

ჭადრაკის ოლიმპიადებიდან ჩემპიონებად და მედალოსნებად დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან – აღნიშნული საკითხი პარლამენტის საშემოდგომო სესიის 30 ნოემბრის პლენარული სხდომაზე გაჟღერდა, სადაც განათლების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის პროექტზე“ მეორე მოსმენის რეჟიმში ისაუბრა.

ახალი გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი კანონპროექტის 52-ე მუხლს დაემატება მესამე პრიმა მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან, თუმცა აქამდე ამ ჩამონათვალში არ შედიოდნენ ჭადრაკის ოლიმპიადის პრიზიორები.

მოჭადრაკეების ამბავი, დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ მოიკითხა. ითქვა ისიც, რომ საკითხი პარლამენტის სპორტისა და განათლების კომიტეტების სხდომებზე და ასევე, ამ ორი უწყების სამინისტროებში უკვე განიხილულია და ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ სხვა ოლიმპიელების მსგავსად მოჭადრაკეებმაც ისარგებლონ სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვის უპირატესობით.

„მოგეხსენებათ, ჭადრაკი არის ოლიმპიური სახეობა, მაგრამ მათი მსოფლიო ოლიმპიადები ტარდება ცალკე და იცით, რომ საქართველოს ქალთა ჭადრაკის ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია 1992-1996 წლებისა, ასევე, პრიზიორები არიან 2010-2018 წლებში. კულტურისა და სპორტის კომიტეტს მათი სასტიპენდიო ანაზღაურება გათანაბრებული აქვს ოლიმპიურ ჩემპიონებთან და პრიზიორებთან… ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება დამატებული იყოს ჭადრაკი ამ ჩამონათვალში“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ, პარაოლიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები.

კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ/პარაოლიმპიურ თამაშებზე გახდნენ ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედალოსნები.

ამავე თემაზე:

სურვილი 19 სპორტსმენს ჰქონდა, უნივერსიტეტში უგამოცდოდ კი, შესაძლოა, მხოლოდ ლაშა ტალახაძე ჩაირიცხოს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური