GE

„ვეფხისტყაოსანი“ და გურამ დოჩანაშვილი მოვიდა“ – პირველი აბიტურიენტები ქართულის III სესიიდან

პირველი აბიტურიენტები უკვე გამოვიდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მესამე სესიიდან და EDU.ARIS.GE-სთან ამბობენ, რომ ის საკითხები შეხვდათ, რომელსაც აქტიურად იმეორებდნენ. ისინი მომდევნო ორი სესიის აბიტურიენტებს ურჩევენ, ჯერ დავალების თეზისი წაიკითხონ და რომელი ვარიანტიც ემარტივებათ, ის დაწერონ. ასევე, ნუ გაამახვილებენ ყურადღებას ნაცნობი ტექსტი ხვდებათ თუ არა, მთავარია, შინაარის გაგება სცადონ და თუ გაიგებენ, ის დაწერონ.

აბიტურიენტები 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან:

„პროგრამულიდან შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და არაპროგრამულიდან გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველი“ მოვიდა. ესე – ზნეობასა და მეგობრობაზე. რედაქტირება იყო ძალიან მარტივი. ვიპოვნე თოთხმეტივე შეცდომა. დეფისით იწერებოდა რამდენიმე სიტყვა და ეგ იყო შეცდომა. ასევე, სასვენი ნიშნები რთულ ქვეწყობილ წინადადებაში“.

„რეპეტიტორმა მითხრა, რომ შეიძლება ეს სესია უფრო რთული ყოფილიყო, რადგან მეორე იყო პირველზე რთული, თუმცა ესე საკმაოდ მარტივი შემხვდა. ჩვენი მოლოდინი გამართლდა, ყველა „ვეფხისტყაოსანს“ ვიმეორებდით და გაგვიმართლა. არაპროგრამულიდან „სამოსელი პირველი“ შემოვიდა და ბევრმა აირჩია. ესეს თემად ავირჩიე ხატაელების ბრძოლის ფრაგმენტი. თემა ეხებოდა ბრძოლაში ზნეობას და მეგობრობის მნიშვნელობას“.

გვანცა: „უკვე მეორედ დაემთხვა აბიტურიენტის მიერ ჯგუფებში ნათქვამი. გურამიშვილზეც იწერებოდა პირველ დღეს და გუშინ დაიწერა „ვეფხისტყაოსანზე“. წინასწარმეტყველია ჯგუფში ვიღაც ან საკითხები გამოვიდა ვინმესგან. რაც შეეხება ტესტს, უმარტივესი იყო. მე „სამოსელი პირველი“ ავარჩიე, რადგან ჩემი საყვარელი ნაწარმოებია და უმარტივესად დავწერე. ესეზე ხატაელების ბრძოლიდან იყო ეპიზოდი და შემდეგ თეზა მეგობრობასა და ზნეობაზე – ბრძოლის დროს რა ძალა შეიძლება ქონდეს. მოვიყვანე არგუმენტი მაკედონელსა და მის მეგობარზე და ისტორიულ ფიგურებზე. ჯამში კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ ყველა მარტივად დაწერდა“.

აბიტურიენტი 191-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: „მთლიანი ტესტი საშუალო სირთულის იყო. რედაქტირებაც და თემაც. რედაქტირებაში ძირითადად მძიმეები და პუნქტუაციური შეცდომები იყო, სხვა განსაკუთრებული არაფერი“.

ზინა ართმელაძე, 103-ე საჯარო სკოლიდან: „ერთი საკითხი შემხვდა „ვეფხისტყაოსანი“, მეორე არ მახსოვს. არჩევანი არის, თუ გინდა პროგრამულს აირჩევ, თუ გინდა არაპროგრამულს, მაგრამ უმეტესწილად, უმჯობესია აარჩიო ესეს თემა. გასააზრებლად უფრო იოლი მოვიდა „ვეფხისტყაოსანი“ და ეს დავწერე. რაც შეეხება თემას, იყო მტრის შემწყნარებლობა – დღესდღეობით გამართლებულია თუ არა, მტერი შევიწყალოთ“.

103-ე საჯარო სკოლიდან გამოსული კიდევ ერთი აბიტურიენტი: „თემა იყო – რამდენად მიზანშეწონილია დამარცხებული მტრის შეწყალება. ორი თემა იყო, ერთი პროგრამული „ვეფხისტყაოსანი“ და მეორე არაპროგრამული, გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 5 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მესამე სესიით გრძელდება. აპლიკანტები დღესაც ქართულის გამოცდას ორ სესიად ჩააბარებენ და საგამოცდო პროცესი 18:00 საათზე დასრულდება.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადეს მზეო შველიძემ, გოგა ნიჟარაძემ და თამარ შუკვანმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური