GE

„ვფიქრობ, ნიშნები არც უნდა იყოს სკოლაში“ – მოსწავლეების საახალწლო სურვილები

ახალ წელია და დგება დრო, როდესაც ადამიანები განვლილს აფასებენ და სამომავლო გეგმებს აწყობენ, სურვილებს იფიქრებენ და შემდეგ მის ახდენაზე ოცნებობენ. EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა შეეგროვებინა მოსწავლეების სურვილები, რას ფიქრობენ ისინი სკოლაზე და ზოგადად ცხოვრებაზე, რა სურთ და რაზე ოცნებობენ. მათი მოსაზრებების წაკითხვის შემდეგ ცხადი ხდება, რომ ბავშვების გულწრფელ სურვილებში ყველაზე კარგად ჩანს ის რეალობა, თუ პრობლემები, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს.

როგორც ჩანს მოსწავლეებს სკოლაში ყველაზე მეტად პედაგოგებთან მეგობრული დამოკიდებულება და თავისუფალი გარემო ხიბლავთ და ერთ-ერთი მთავარ პრობლემად გემრიელ საჭმელსაც ასახელებენ. EDU.ARIS.GE რამდენიმე წერილს წარმოგიდგენთ.

„ჩემთვის სასურველი სკოლა ისეთია, როცა მასწავლებელი არ გეუბნება, როცა გაკვეთილს ვერ სწავლობ ან რამე სხვა პრობლემა გაქვს, ორიანს დაგიწერო. ჩემი აზრით, ნიშნები არც უნდა იყოს სკოლაში და ბავშვი A+, A- და კიდევ C და B სისტემით უნდა შეფასდეს, როგორც საზღვარგარეთაა. რაც შეეხება სკოლის ხანგრძლივობას, მირჩევნია, როგორც მაგალითად ამერიკაშია ისეთი სწავლის პროგრამა იყოს საქართველოშიც. იქ, როგორც ვიცი, სკოლაში გაკვეთილზე წიგნის მიტანა არ არის სავალდებულო და ქსეროასლებით სარგებლობენ, მაგრამ სწავლას დიდი ყურადღება ენიჭება, რა თქმა უნდა. ვიდეოებს ვუყურებ ხოლმე უცხოეთის სკოლებზე, იქ როგორც უნივერსიტეტებში არის, გაკვეთილზე ისეთ ლექციას გიტარებენ და ძალიან მომწონს. არ არის შეზღუდვა რა ფერის კალმით დაწერ. შეგიძლია ერთი დიდი რვეული გამოყო სხვადასხვა საგნებისთვის, არსებობს სპეციალური რვეულები და იმაში იმუშაო. მსგავსი წესები რომ იყოს ჩვენთანაც, ასეთი მძიმე არ იქნებოდა ჩვენი ჩანთები და ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგვექმნებოდა. მაგალითად, ამერიკაში ასევე არ აქვს მნიშვნელობა რა გეცმევა სკოლაში. ცოტა უცნაურია, მაგრამ ისინი ითვალისწინებენ ადამიანის უფლებებს და სურვილებს“, – 12 წლის მარიამი თბილისის 115-ე საჯარო სკოლიდან.

„სკოლაში მისვლა ძირითადად სპორტის გამო მიხარია, რადგან სპორტი ძალიან კარგი რამაა და მინდა, რომ სპორტის საათები გახანგრძლივდეს სკოლაში. ბავშვები თავიდანვე მინდა შეეჩვიონ და მიხვდნენ თუ რამდენად კარგია, როცა სპორტით ხარ დაკავებული. გარდა ამისა, სკოლაში მისვლა უფრო მესიამოვნებოდა თუ კარგი გარემო დამხვდებოდა. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული ყველა კლასს მოვაწესრიგებდი და არა ერთს ან ორს, როგორც დღესდღეობით გვხვდება სკოლებში “, –  სერგი 16 წლის.

„სკოლაში ყველა საგანი მომწონს და ყველა მასწავლებელი, ძალიან კარგად ხსნიან გაკვეთილებს, ყველა მიყვარს. ერთი რასაც ვისურვებდი ეს უფასო ბუფეტია“, – მარიამ თაყნიაშვილი მე-8 კლასი.

„ზოგიერთი გაკვეთილი ჩემთვის საინტერესოა, ზოგი – არა. მაგალითად ქართულის გაკვეთილი იმითაა კარგი, რომ ჩვენ ვსაუბრობთ და ისეთი გაკვეთილი ტარდება თითქოს მასწავლებელი ჩვენი მეგობარია. ჩვენ ვსაუბრობთ, ვარჩევთ, ვწერთ საინტერესო ტექსტებზე, საკითხებზე ეს გაკვეთილი კი არა ჩვენთვის მეგობრული საუბარია და სწავლის სურვილიც იზრდება. უინტერესოა ჩემთვის და ჩემი თანაკლასელებისთვის საგანი, რომელშიც მასწავლებელი, უბრალოდ, მოსაწყენად ხსნის გაკვეთილს და ჩვენი აზრის დაფიქსირებას ამა თუ იმ ტექსტზე ნაკლებად გვთხოვს. კარგი მასწავლებლის გაგონებისას მე მკაცრი ქალი კი არა – კარგი მეგობარი მახსენდება. თოვლის ბაბუს კი ვთხოვ, რომ ზუსტად ჩემი ქართულის მასწავლებელს გავდეს ყველა და ზუსტად ისეთ გაკვეთილს ატარებდნენ, როგორსაც ის“, – ელენე ფანჩულიძე თბილისის 45-ე საჯარო სკოლა.

სასკოლო გარემოსთან ერთად, ქართველი მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი მტკივნეული თემა ოჯახი და ემიგრანტი მშობლებია. ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ძალიან ბევრ ბავშვს ერთ-ერთი მშობელი მაინც საზღვარგარეთ ჰყავს და მის ნაკლებობას განიცდის, განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში. ეს და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები კარგად ჩანს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის მოსწავლის, მარიამ ლანჩავას წერილში, რომელიც მან სანტას მისწერა:

„ძვირფასო სანტა!

მე უკვე დიდი ვარ და ვიცი, რომ მხოლოდ ჩემს თავზე არ უნდა ვიფიქრო, ამიტომაც ამ ახალ წელს საჩუქარს არ გთხოვ, მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, რომელსაც თუ ამისრულებ ძალიან გამიხარდება. გთხოვ, დაეხმარე მათ, ვისაც ისე უჭირთ, რომ სწავლის საშუალება არ აქვთ და გაუნათლებლები არიან. ვისაც ისე უჭირს, რომ საჭმლის ფული არ აქვს, ვისაც სახლი არ აქვს. გთხოვ ნურავის მოანატრებ თავის დედას, ნურავის დააშორებ თავის მშობლებს. ყველას ვისაც მშობელი ენატრება აუსრულე სურვილი და ამ ახალ წელს ერთად შეახვედრე. გთხოვ, რომ ახალ წელს ყველა თავის სახლში ბედნიერად შეხვდეს. კიდევ მინდა, რომ საქართველომ თავის ტერიტორიები დაიბრუნოს და საქართველო აღდგეს. ნუ ვიქნებით ბოროტები, ვიყოთ მეგობრულები სხვა ქვეყნების მიმართ. გთხოვ სანტა, ყველა ავადმყოფი 2020 წელს ჯანმრთელი შეხვდეს. გთხოვ, ნურავინ ნუ იქნება ახალ წელს გარეთ გაყინული და მშიერი, იმ დროს, როცა ჩვენ სახლებში ვართ და გემრიელ კერძებს მივირთმევთ..

მოამზადა თამთა ვირსალაძემ 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური