GE

„ვფიქრობთ სისტემის დახვეწასა და განვითარებაზე“ – შეფასებისა და გამოცდების ცენტრი დაარსების 20 წლისთავს აღნიშნავს

„ამ ცენტრმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უმაღლეს სასწავლებლებში მიღების ობიექტური, სანდო და სამართლიანი შეფასების სისტემის შექმნაში“, – ეს განცხადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ხელმძღვანელს სოფიო გორგოძეს ეკუთვნის, რომელიც მან დღეს, 22 ნოემბერს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონფერენციაზე გააკეთა.

კონფერენცია, როგორც NAEC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, განვლილი გზის გახსენებას ემსახურება. მისი გარკვეული ნაწილი კი პროექტის „შეფასება განვითარებისთვის“ საზოგადოებისთვის წარდგენასაც დაეთმობა.

„დღეს იმისთვის შევიკრიბეთ, რომ კოლეგებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად გადავხედოთ ცენტრის ისტორიას, გავიხსენოთ საინტერესო მომენტები და ვიმსჯელოთ საგანმანათლებლო საკითხებზეც. მეორე ნაწილში გვაქვს ასევე საინტერესო პროექტის წარდგენა – „შეფასება განვითარებისთვის”. ეს ერთ-ერთი ახალი პროექტია, რომელიც სწავლა-სწავლების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. პროექტი, საპილოტე რეჟიმში, დაახლოებით ორი წელია მიმდინარეობს. მასში ასობით სკოლაა ჩართული. დღეს გვეყოლებიან სკოლის დირექტორებიც, რომლებმაც ეს პროცესი გაიარეს და რომლებიც ამ პროექტის შესახებ მოგვიყვებიან“, – აღნიშნა სოფიო გორგოძემ.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ დაარსებიდან 20 წლის შემდეგაც კი ცენტრი, არსებითად, იგივე საქმიანობას ეწევა, რასაც საწყის ეტაპზე და უნდა ველოდოთ თუ არა ძირეულ ცვლილებებს ახლო, ან თუნდაც, შორეულ მომავალში ცენტრის საქმიანობასა და შესაბამისად, საგამოცდო სისტემასთან დაკავშირებით, იგი შემდეგნაირად პასუხობს:

„ზოგადად, სისტემის დახვეწასა და განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ. განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ და როგორც კი რაიმე კონკრეტული გვექნება, საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ. ამ ეტაპზე, უახლოეს მომავალში ცვლილებები არ იგეგმება.

„ამ 20 წლის განმავლობაში ცენტრის საქმიანობის არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდებით, მაგრამ შემდეგ დაემატა არაერთი გამოცდა, ტესტირება, საერთაშორისო შეფასება. განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილებები ყოველწლიურად შედიოდა, თუმცა, სისტემა, ძირითადად, ისეთია, როგორიც 2005 წელს იყო – უმაღლეს სასწავლებელში ცენტრალიზებული გამოცდებით ჩარიცხვა. რადიკალურ ცვლილებებს უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ. წელს, ისევე როგორც წინა წელს, აბიტურიენტები, ერთიან ეროვნულ გამოცდებს, სამი ძირითადი გამოცდით გაივლიან. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მიმართულებების გარდა და ასევე, თუ რომელიმე პროგრამამ არ დაამატა მეოთხე გამოცდა. განსაკუთრებული ცვლილებები არ არის არც ტესტის ფორმატში. ღია კარის დღეებს უკვე დავიწყებთ და თუ რაიმე მცირე ცვლილებაა, აბიტურიენტებს დეტალურად მოვახსენებთ. ამ სასწავლო წელს ყველაფერი ისევე დაიგეგმება, როგორც წინა წლებში“, – განუცხადა შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა EDU.ARIS.GE-ს.

კონფერენციაზე ვიდეოჩანაწერის ფორმატში მოუსმინეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მილოცვას. საიუბილეო თარიღი, საკუთარი გამოსვლებით, პირადად მიულოცეს მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა. მიწვეულ სტუმრებს შორის არიან განათლების სფეროში მომუშავე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სკოლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და ა.შ.

ასევე იხილეთ:

„იმაში, რაც NAEC-ის თავს ხდება, რომ ერთი და იგივე ადგილას დგას და მისი საქმიანობა წლის ნაყვაა, თავად ეს ორგანიზაცია არაა ბრალეული“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური