GE

ვიცე-პრემიერი თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სკოლების გახსნაზე: „ცოტა კიდევ მოვითმინოთ“

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ თუკი კითხვა ისმის ასე – ნამდვილად მოხდება თუ არა 1-ლი მარტიდან სწავლის სრულად აღდგენა დასწრებულ რეჟიმში განათლების ყველა საფეხურზე და ყველა ქალაქში, უნდა გვახსოვდეს, რომ 1-ლი თებერვლიდან დაგეგმილი ღონისძიებები სწავლის განახლების შესახებ საქართველოში უკვე მისალოცია.

ის ამბობს, რომ საქართველოს სამ ქალაქში, (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი,) სადაც მთავრობას სასწავლო პროცესის სრულფასოვანი განახლება მარტიდან აქვს დაგეგმილი, “ცოტა კიდევ უნდა მოითმინონ”, თუმცა იმასაც დასძენს, რომ ყველა ტიპის შეზღუდვის შემსუბუქება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების ტემპზე იქნება დამოკიდებული და უნდა შენარჩუნდეს დადებითობის 4%-იანი მაჩვენებელი.

“ჩვენ ყველას გვესმის, რომ საქართველოს მესამედი ცხოვრობს თბილისში სამწუხაროდ, ასევე ქუთაისში და რუსთავშიც და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამ ქალაქში სწავლის აღდგენა, მაგრამ მოდით ესეც ვთქვათ, რომ როდესაც ვსაუბრობთ როდის იქნება და ნამდვილად იქნება თუ არა პირველ მარტს, ჩვენ უკვე შეგვიძლია მოვულოცოთ პირველ თებერვალს ბევრ ქალაქში და დასახლებულ პუნქტებში მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დაბრუნება. რაც შეეხება თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს, სადაც ძალიან ბევრი სკოლაა და ბევრი ბავშვი ელოდება სწავლის აღდგენას ფიზიკურ რეჟიმში, აქ ისევ და ისევ ჩვენ კიდევ უნდა დაველოდოთ მაჩვენებლების გაუმჯობესებას – დადებითობის მაჩვენებლების 4%-მდე შემცირებას, სწორედ იმიტომ, რომ ეს დიდი ქალაქებია და მობილობაც მაღალია. ყველას გვეჩქარება და ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის სამომავლო განვითარებისთვის საკლასო ოთახში სწავლასთან ერთად თანატოლებთან ურთიერთობა, მაგრამ ასევე კარგად გვესმის, რომ ძალიან ბევრი საფრთხე არის ამასთან დაკავშირებული. გვახსოვს ისიც, რომ გახსნილ სკოლებს, ინფიცირების შემთხვევების გამო, მოუწიათ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა გახსნის შემდეგ. მოდით, ამდენი ხანი ვითმინეთ და კიდევ ცოტა ხანი მოვითმინოთ იმისთვის, რომ მდგრადად მოვხსნათ შეზღუდვები და დავუბრუნდეთ საკლასო ოთახებს ისე, რომ შემდეგ კიდევ არ მოგვიწიოს შეზღუდვებზე ფიქრი”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის შეზღუდვების მოხსნის შესაძლო დაჩქარების შესახებ დღეს კომენტარი ქვეყნის პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გააკეთა და თქვა რომ უკვე გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი.

„როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას. ამიტომ, დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს. პირველ რიგში ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მივცეთ ჩვენს ბავშვებს შესაძლებლობა კლასებში დაიწყონ სწავლა. რა თქმა უნდა, ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაც და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც როგორც ფაქტი დღეს ჩვენ გვაქვს ბოლო ორი თვის შრომის და მუშაობის შედეგად. და, რაც მთავარია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ, სანამ ეტაპობრივად და უფრო აქტიურად არ დავიწყებთ სრულად ტურიზმის გახსნას“, – განაცხადა პრემიერმა.

რა შემთხვევაში განახლდება სწავლა 1-ლი მარტიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში – მინისტრის განმარტება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური